პატრულმა პირველი ქულები მაესტროსთან დაკარგა!

ყველა სიახლე
16 თებერვალი 2020

პატრულმა პირველი ქულები მაესტროსთან დაკარგა!

სუპერლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაში მოვლენები დრამატულად განვითარდა. სატურნირო ცხრილის უპირობო ლიდერი, პატრული მაესტროს დაუპირისპირდა და მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მერაბ სიმონიშვილის გოლს „ძალოვნების“ რიგებიდან ოცდამეცხრამეტე წუთზე ოთარ კუხალეიშვილმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით უპასუხა და გუნდს ქულა შეუნარჩუნა.

ბრინჯაოს ლიგის რეგულარული სეზონი ბანკი ქართუსა და მტკვარი ენერჯის დაპირისპირებით დასრულდა. „ბანკირებმა“ 4:1 იმარჯვეს, ორი გოლი ნიკოლოზ თოდუას ანგარიშზეა, რომელსაც ორივე გადაცემა, ასევე დუბლის ავტორმა, იაკობ გოგოლაძემ გაუკეთა.

წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ ბრინჯაოს ლიგის პლეიოფის წყვილები ასე გამოიყურება: ბაქსვუდი VS მეიჯერელი, დიპლომატ ჯორჯია VS მტკვარი-ენერჯი, ქართუ VS ბეთლაივი და ნაბეღლავი VS ენერგო-პრო. შეგახსენებთ, რომ გუნდები ერთმანეთს ორ ეტაპად დაუპირისპირდებიან და ნახევარფინალის საგზურს ორი მატჩის ჯამში ნაჩვენები შედეგით მოიპოვებენ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით კაკუბერი, მაესტრო: „დაძაბული მატჩი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოგვეგო, მაგრამ ცოტა არ გაგვიმართლა. ბოლო წუთზე დასანანი გოლი გავუშვით. საერთო ჯამში სანახაობრივი თამაში გამოვიდა და ვფიქრობ, მაყურებელმა ისიამოვნა.“

ირაკლი ქარჩავა, პატრული: „აქამდე ქულების დაუკარგავად მოვედით. ვინაიდან, პირველ პოზიციაზე მყარად ვართ, დიდად მნიშვნელოვანი არ ყოფილა ეს ორი ქულა. შედარებით მოუმზადებლები ვიყავით, რაც დაგვეტყო. მაესტრო კარგი გუნდია, სწრაფად და ტექნიკურად თამაშობს. თამაშიდან გამომდინარე შედეგი ლოგიკური იყო.“

ბინრჯაოს ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 23 თებერვალს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024