ფუტსალის ლიგა 2-ს პსპ რვიდან რვა მოგებით ლიდერობს!

ყველა სიახლე
14 თებერვალი 2020

ფუტსალის ლიგა 2-ს პსპ რვიდან რვა მოგებით ლიდერობს!

ფუტსალის ლიგა 2-ის მერვე ტურის დასკვნით მატჩში სატურნირო ცხრილის უპირობო ლიდერი,პსპ, თსუ 2-ს დაუპირისპირდა და მიმდინარე სეზონის წაუგებელი სერია განაგრძო.

შეხვედრის პირველი ნახევარი “ფარმაცევტებმა” მინიმალური უპირატესობით მოიგეს. თამაშის განახლებიდან პირველივე წუთზე ლევან სვანიძემ მეორე ბურთიც შეაგდო. თსუ-მ ვახტანგ დადიანისა და შალვა ცხადაძის გოლებით წონასწორობა აღადგინა, თუმცა ნიკოლოზ კურტანიძემ დარჩენილ დროში დუბლი გაიფორმა და პსპ-მ 4:2 იმარჯვა.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

შალვა ცხადაძე, თსუ 2: “დღევანდელი ჩვენი მეტოქე ჩემპიონატის უპირობო ლიდერია და ვიცოდით, რომ ურთულესი შეხვედრა იქნებოდა. თავიდანვე ვცდილობდით, რომ გოლი არ გაგვეშვა, თუმცა ჩვენი შეცდომების შედეგად მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. წონასწორობის აღდგენამ ცოტა მუხტი მოგვცა, მაგრამ გამოუცდელობამ მაინც თავისი როლი ითამაშა. წავაგეთ, თუმცა ღირსეული ბრძოლა ვაჩვენეთ და თამაშის ხარისხით კმაყოფილები ვართ.”

ნიკოლოზ კურტანიძე, პსპ: “ძალიან მძიმე თამაში გამოვიდა. თავდაპირველად ორბურთიანი გაქცევა გვქონდა. მეორე ტაიმში მოვეშვით, მეტოქემ ამით ისარგებლა და ანგარიში გაგვითანაბრა. თსუ-სთან შედარებით, უფრო შეკრული გუნდი ვართ, გამოცდილება გვაქვს, ფიზიკურადაც უკეთეს ფორმაში ვიყავით და ეს ყველაფერი დაგვეხმარა, რომ საბოლოოდ გაგვეტეხა მეტოქე.”

ფუტსალის ლიგა 2-ის მეცხრე ტური 21 თებერვალს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024