თბილისმა ილიაუნისთან რევანში აიღო!

ყველა სიახლე
14 თებერვალი 2020

თბილისმა ილიაუნისთან რევანში აიღო!

ფუტსალის ლიგის მერვე ტურის დასკვნით მატჩში ილიაუნიმ ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია თბილისთან მარცხით დაასრულა.

დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრის პირველი ნახევარი თბილისის ორბურთიანი უპირატესობით წარიმართა. „უნივერსიტეტელებმა“ სხვაობის მინიმუმამდე შემცირება ოცდამეოთხე წუთზე მოახერხეს, მაგრამ ორბურთიანი ჩამორჩენა მალევე აღდგა და ილიაუნი მეტოქეს მეტად ვეღარ მიუახლოვდა. მატჩი საბოლოოდ 6:3 თბილისის სასარგებლოდ დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ოთარ ბერეჩიკიძემ გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ოთარ ბერეჩიკიძე, თბილისი:“თბილისის რიგებს ცოტახნისწინ შემოვუერთდი და მინდა აღვნიშნო, რომ გუნდელებს კარგად შევეწყვე. რთული შეხვედრა იყო, ბრძოლისუნარიანობა და მოტივაცია დაგვეხმარა გამარჯვებაში. იმედია, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ.“

გურამ ნადარეიშვილი, ილიაუნი:“ძალიან დაძაბული თამაში იყო. მწვრთნელის დავალებები ვერ შევასრულეთ ზედმიწევნით და უმეტესწილად, ამიტომ დავმარცხდით. პირველ ტაიმში გუნდის ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ წითელი ბარათი მიიღო და შემდეგ უკვე თამაშის შემოტრიალება ვეღარ შევძელით. მატჩის ბედი ბოლო მომენტებმა გადაწყვიტა, კვლავ ორი ბურთით ჩამორჩენის შემდეგ დრო ცოტა გვქონდა და დავმარცხდით.“

ფუტსალის ლიგის მეცხრე ტური 19 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში დაიწყება და 21 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდება.



  © SBM, 2016-2024