ლიდერებმა დამაჯერებლად იმარჯვეს!

ყველა სიახლე
14 თებერვალი 2020

ლიდერებმა დამაჯერებლად იმარჯვეს!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის მერვე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

სატურნირო ცხრილის ლიდერმა თელასმა ქუთაისის მარვეს უმასპინძლა. პირველი ნახევარი „ენერგეტიკოსებმა“ მინიმალური უპირატესობით ჩაამთავრეს. მეორე ტაიმში კიდევ სამი გოლი გაიტანეს. სხვაობის ორამდე შემცირება „ქუთათურებმა“ ბოლო წამზე მოახერხეს და საბოლოოდ 4:2 დამარცხდნენ.

მერვე ტურის სასტარტო მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კარი მშრალად შეინახა და მეტოქე დიდი ანგარიშით 9:0 დაამარცხა. თსუ-ს რიგებიდან დუბლი შაკო კაპანაძემ და გიორგი ჩიმაკაძემ გაიფორმეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ავთანდილ ასათიანი, თელასი:”მოგეხსენებათ,  გუნდის ძირითადი ნაწილი შეცვლილია და ჩვენი მთავარი მიზანია მეორე წრის დასრულებამდე შევთამაშდეთ. ამიტომ, დღევანდელი არაპროდუქტიული თამაში გასაკვირი არ არის. შეიძლება ითქვას, ნულიდან ვიწყებთ და იმედი მაქვს, ისეთ გუნდს გავაკეთებთ, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.“

ვახტანგ ჯვარაშვილი, თელასი:“ფუტსალისთვის ოთხი-ხუთი მოთამაშე ნახევარი გუნდია და დრო გვჭირდება, რომ დავამუშავოთ კომბინაციები. არც თუ ისე დიდი ანგარიშით ვიმარჯვეთ, თუმცა საკმაოდ კარგი თამაში გამოვიდა, ამ დროისთვის ჩვენი მიზანი სამი ქულა იყო და ავიღეთ კიდეც.“

ფუტსალის ლიგის მერვე ტურის დასკვნით მატჩში ილიაუნი თბილისს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024