ბაქსვუდმა რეგულარულ სეზონში პირველობა გაინაღდა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მორიგი შეხვედრები მიმდინარეობს. ბრინჯაოს ლიგაში სტარტი რეგულარული სეზონის ბოლო ტურმა აიღო.
მტკვარი-ენერჯისა და ენერგო-პროს დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. „ენერგეტიკოსთა დერბიში“ ანგარიში გიორგი ხარშილაძემ მტკვარი-ენერჯის სასარგებლოდ გახსნა, მეორე ტაიმში კი ავტოგოლით წონასწორობა აღდგა.
მეშვიდე ტურის პირველ შეხვედრაში ბაქსვუდმა ნაბეღლავს მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია და რეგულარული სეზონის პირველობა გაინაღდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მეექვსე წუთზე გიორგი მესხმა დავით ლომიას გადაცემით გაიტანა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
დავით ლომაია, ბაქსვუდი: „სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, დაძაბული თამაში იყო. მარცხის შემთხვევაში შეიძლებოდა პირველი ადგილი დაგვეკარგა, ფრეც გვაწყოდა. მძიმედ დავიწყეთ თამაში. მალევე გამოვიყენეთ შესაძლებლობა და გოლი გავიტანეთ. შემდეგ უკვე კონტრშეტევებზე ვთამაშობდით. რაც მთავარია, დასახულ მიზანს მივაღწიეთ. პლეი ოფში ყველას თანაბარი შანსი გვექნება და შედეგი გუნდები მომზადების დონეზე იქნება დამოკიდებული.“
ბრინჯაოს ლიგაში ბეთლაივისა და ბანკი ქართუს შეხვედრა დღეს გაიმართება. პლეი ოფის წყვილები კი 16 თებერვალს გახდება ცნობილი.