CAI-მ ვერცხლის ლიგაში პირველობა შეინარჩუნა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის შეხვედრებით დასრულდა.
მეექსვე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს კავკასიის ავტოიმპორტი და ევროპაბეთი დაუპირისპირდნენ. დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა CAI-ის გამარჯვებით 5:2 დასრულდა. „ბუკმეიკერებს“ ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდათ, თუმცა ვერ შეძლეს და მეტოქემ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკი ლაშა ჯოხაძემ გაიფორმა. თითო ბურთია გიორგი მაჩხანელისა და ვიტალი ხუდოიანის ანგარიშზე. ორი გოლის გაქვითვა გოგა მამარდაშვილმა მოახერხა.
საქართველოს ბანკისა და სახელმწიფო ელექტროსისტემის შეხვედრა „ბანკირების“ სრული უპირატესობით წარიმართა. გიორგი წივილაშვილის, გიორგი ცაგარეიშვილისა და ირაკლი გამყრელიძის ორ-ორ გოლს მეტოქემ ვერ უპასუხა და BOG-მა 6:0 იმარჯვა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
გოგა მამარდაშვილი, ევროპაბეთი:”სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი თამაში იყო. მოწინააღმდეგე გუნდის შესაძლებლობებიც ვიცოდით და ველოდით დაძაბულობას. ვფიქრობ, ანგარიში არ ასახავს რეალურ სურათს და თანაბარი თამაში იყო. მომენტებში არ გაგვიმართლა, მეტოქემ თავისი შანსები გამოიყენა და ამიტომაც დავმარცხდით. შედეგით კმაყოფილი, რა თქმა უნდა, არ ვარ, თუმცა თამაში კარგი გამოვიდა.“
გიორგი მაჩხანელი, CAI: “ძალიან კარგი თამაში იყო. ნამდვილად არ გვყოლია ბევრი ისეთი მოწინააღმდეგე, როგორიც ევროპაბეთია. დღეს ჩვენი მაქსიმუმი არ გვიჩვენებია, მეტი შეგვიძლია. ასეთ დაძაბულ მატჩში გამარჯვების მოპოვებაში ყველაზე მეტად ბრძოლისუნარიანობა დაგვეხმარა.“
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი შეხვედრები 9 თებერვალს გაიმართება.