დიპლომატ ჯორჯიამ ნაბეღლავს დაძაბულ ბრძოლაში სძლია!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონი ზამთრის შესვენების შემდეგ განახლდა. დღის განმავლობაში ერთმანეთს ბრინჯაოს, ოქროს, ვერცხლისა და სუპერლიგის გუნდები დაუპირისპირდებიან.
ბრინჯაოს ლიგაში მეექსვე ტურის მატჩები გაიმართა. დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა ენერგო-პროსა და ბაქსვუდის თამაში. ოცდამეცხრამეტე წუთამდე ანაგრიში 0:0 იყო, მაგრამ თენგიზ უგრეხელიძემ გუნდი მაინც დააწინაურა და ბაქსვუდმა მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვა.
დიპლომატ ჯორჯიასა და ნაბეღლავის დაძაბული შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. ოცდამეორე წუთზე თორნიკე მახარაშვილმა შვიდმეტრიანი საჯარიმო დარტყმით დიპლომატ ჯორჯია დააწინაურა, ჯაბა ხანიაშვილმა და გუგა კამლაძემ კი სხვაობა სამამდე გაზარდეს. ერთი ბურთის გაქვითვა გიორგი გოგუაძემ შეძლო და ნაბეღლავი საბოლოოდ 3:1 დამარცხდა.
სასტარტო მატჩში ბეთლაივმა მეიჯერელთან კარი მშრალად შეინახა და მეტოქეს 3:0 სძლია. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ლევან აბრამიშვილმა გიაფორმა. ერთი ბურთია მერაბ ყუფარაძის ანგარიშზე.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ჯაბა ხანიაშვილი, დიპლომატ ჯორჯია: „დიდი ხანი გავიდა ბოლო თამაშიდან და ჯერ ფორმაში არ ვართ. კარგი მატჩი გამოვიდა. ცოტა ქაოსურად ვითამაშეთ, ემოციური ფონი გვქონდა, რამაც ხელი შეგვიშალა და მომავლისთვის ამ მხრივ უნდა ვიმუშავოთ. მესამე გოლმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოგვაპოვებინა, რამაც გამარჯვება გაგვანაღდებინა.“
გიორგი მესხი, ბაქსვუდი: „მართლაც ძალიან დაძაბული თამაში იყო. მოწინააღმდეგე შესანიშნავად იცავდა კარს. ბოლომდე ვიბრძოლეთ, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წაგვივიდა, მაინც მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება და იმედია ასეთი შედეგით გავაგრძელებთ სვლას.“
ბრინჯაოს ლიგას დღევანდელი შეხვედრების შემდეგ კვლავ ბაქსვუდი ლიდერობს.