საქართველომ საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩში გერმანია დაამარცხა!

ყველა სიახლე
29 იანვარი 2020

საქართველომ საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩში გერმანია დაამარცხა!

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გერმანიასთან გამართა. მატჩს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა და ქართველებმა პირველი მეტოქე  დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დაამარცხეს.

თამაშის სცენარი თავდაპირველად გერმანელთა კარნახით წარიმართა და მატჩის დაწყებიდან მეხუთე წუთზე ფიშერის გოლით დაწინაურდნენ. პირველ ტაიმში მეტოქე ძელმა ბევრჯერ იხსნა, თუმცა არჩილ სებისკვერაძემ მაინც მოახერხა გერმანელთა კარის აღება და წონასწორობის აღდგენა. მეორე ტაიმში „ჯვაროსნები“ წინ კუთხურიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ თალესის გოლით გავიდნენ. ოცდამეთერთმეტე წუთზე კი ვახტანგ ჯვარაშვილმა სხვაობა ორადმე გაზარდა და საბოლოო ანგარიში (3:1) დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:“ადრეც ვამბობდი და ფაქტით დადასტურა, მიუხედავად იმისა, რომ განვლილ ხუთ თამაშში გერმანიასთან ვიმარჯვეთ, დღეს მარტივი არ იქნებოდა სამი ქულის აღება. დიდი ხანია ამ ნაკრებს ვამუშავებთ. ვერ დავიწყეთ ისე, როგორც გვეკადრება, თუმცა პროცესშივე გადავეწყვეთ და გამოვასწორეთ შეცდომები. თამაშის ხარისხს დროთა განმავლობაში გამოვასწორებთ, პირველ მატჩში მთავარი აქცენტი შედეგზე გვქონდა გაკეთებული. ხვალ ავსტრიის ნაკრებს ვხვდებით და ერთი წამითაც არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან ამ სპორტში ეს ძალიან ისჯება.“

ზვიად კუპატაძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:“ძალიან დისციპლინირებული მეტოქე გვყავდა. ჩვენ ფავორიტები ვიყავით, მაგრამ ველოდით დაძაბულ თამაშს. პირველ ტაიმში არ გვიმართლებდა, ჩვენი დარტყმული ბევრჯერ მოხვდა ძელს. ანგარიში თავიდან გერმანელებმა წაიყვანეს, ძალიან კარგი კონტრშეტევები ჰქონდათ, მაგრამ უმნიშვნელვანესი გამარჯვება მაინც მოვიპოვეთ. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ ხვალინდელ თამაშზე და ვპირდებით, რომ ჩვენი შესრულებით ბევრ გოლს ნახავენ.“

ვახტანგ ჯვარაშვილი, საქართველოს ნაკრების მოთამაშე:“ვულოცავ ქართველ გულშემატკივარს დღევანდელ გამარჯვებას. გერმანია დროთა განმავლობაში ძალიან განვითარდა. საკმაოდ დაძაბული თამაში იყო, რაზეც ბევრი რამ მეტყველებს, თუნდაც ის, რომ ანგარიში მეტოქემ გახსნა, ასევე, ორივე ტაიმში დავიტვირთეთ ჯარიმებით, თუმცა მაინც ავიღეთ სამი ქულა და ხვალინდელ მატჩშიც მხოლოდ ამ შედეგისთვის ვიბრძოლებთ“

შეგახსენებთ, რომ საქართელო F ჯგუფში გერმანიის გარდა, კოსოვოსა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ჯგუფის სასტარტო მატჩში კოსოვომ ავსტრიას ორბურთიანი უპირატესობით, 4:2 სძლია.

მომდევნო შეხვედრას ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი  30 იანვარს, 19:00 საათზე, ავსტრიის წინააღმდეგ გამართავს. გულშემატკივართა დასწრება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თავისუფალია!

ფოტო: gff.ge



  © SBM, 2016-2024