მოქმედი ჩემპიონი ილიაუნისთან დამარცხდა!

ყველა სიახლე
19 იანვარი 2020

მოქმედი ჩემპიონი ილიაუნისთან დამარცხდა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მეექვსე ტურის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ილიაუნი და თელასი დაუპირისპირდნენ.

მატჩის პირველ ნახევარში ილიაუნიმ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა და ოთხი ბურთით წინ გავიდა. „ენერგეტიკოსებმა“ მაინც მოახერხეს სხვაობის აღმოფხვრა და წონაწორობის აღდგენა, თუმცა დებიუტანტი „უნივერსიტეტელები“ ბოლო ხუთ წუთში ნიკა გვაზავას დუბლით დაწინაურდნენ და მოქმედ ჩემპიონთან 7:5 იმარჯვეს. თელასის მხრიდან ჰეთრიკი ამირან ცხომარიამ გაიფორმა, ორი გოლია გიორგი სოზაშვილის ანგარიშზე. ილიაუნის გამარჯვებაში სამი ბურთით თეიმურაზ ექიზაშვილი, ორით კი გიორგი ტიკურიშვილი დაეხმარა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი სოზაშვილი, თელასი: „ვულოცავ მოწინააღმდეგეს დამსახურებულ გამარჯვებას. საკადრო პრობლემები გვაქვს, რამდენიმე მოთამაშე საზღვარგარეთ წავიდა, ერთმა მატჩის მიმდინარეობისას მიიღო ტრავმა და ფიზიკურად ძალიან გაგვიჭირდა. ამის მიუხედავად, ანგარიშის გათანაბრება მაინც მოვახერხეთ, თუმცა ბოლოს დავიღალეთ და მიმდინარე სეზონში პირველად წავაგეთ.“

თეიმურაზ ექიზაშვილი, ილიაუნი: „დღევანდელი გამარჯვების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი თელასის საკადრო პრობლემები იყო. მეორე ტაიმში ოთხბურთიანი უპირატესობის გაფლანგვას ჩვენს გამოუცდელობას დავაბრალებდი. მეტოქე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია და ხუთი-ოთხზე კარგად უტევს, რასაც დღეს აქტიურად იყენებდა. ფიზიკურად ვაჯობეთ, დაღლამაც იმოქმედა, მაგრამ პირველ რიგში, მაინც გაგვიმართლა.“

მეექვსე ტურის დასკვნით მატჩში თბილისი თსუ-ს გაეჯიბრება.



  © SBM, 2016-2024