ნაბეღლავმა ბეთლაივს მინიმალური ანგარიშით სძლია!

ყველა სიახლე
22 დეკემბერი 2019

ნაბეღლავმა ბეთლაივს მინიმალური ანგარიშით სძლია!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მორიგი შეხვედრები მიმდინარეობს.

ბრინჯაოს ლიგის მეხუთე ტურის სასტარტო მატჩში ბეთლაივი ნაბეღლავთან მინიმალური ანგარიშით 1:0 დამარცხდა. ერთადერთი გოლის ავტორი შეხვედრის მეთორმეტე წუთზე ნაბეღლავის მოთამაშე ნიკა ჩალაძე გახდა.

სათამაშო დღე ვერცხლის ლიგით დაიწყო. ჰუავეიმ სამმატჩიანი მოუგებელი სერია ავერსთან დაასრულა და მეტოქეს დაძბულ ბრძოლაში 3:2 სძლია. „ფარმაცევტებმა“ შეხვედრაში ანგარიში ორჯერ გაათანაბრეს, თუმცა ჰუავეიმ ოცდამეთორმეტე წუთზე გატანილი გოლით სამი ქულა მოიპოვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

მერაბ ყუფარაძე, ბეთლაივი: „მადლობა ჩვენს მოწინააღმდეგეს კარგი თამაშისთვის. ვფიქრობ, ორივე გუნდმა სიამოვნება მივიღეთ ამ მატჩისგან, რადგან იყო დაძაბულობა და ორთაბრძოლა. მეტოქე ყველა კომპონენტში კარგად გამოიყურებოდა, საბოლოო ჯამში გვაჯობა და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ.“

რევაზ ნაცარაშვილი, ნაბეღლავი: „პირველ რიგში, ნაბეღლავის დღევანდელი გამოსვლა შესაბამისი მაისურებით, ეხმიანებოდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ჩვენც, როგორც მთელი საქართველო სოლიდარობას ვუცხადებთ ვაჟა ექიმს, რომელიც ჩვენი თანამშრომლის მამაა და პოლიტპატიმრობაში იმყოფება. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ძლიერი მეტოქე გვყავდა, რომელიც წელს ერთ-ერთი ფავორიტია. გვქონდა ბევრი გამოუყენებელი მომენტი, მაგრამ ფორტუნა ჩვენს მხარეს აღმოჩნდა და მინიმალური ანგარიშით გავიმარჯვეთ.“

ბრინჯაოსა და ვერცხლის ლიგაში მეხუთე ტური დღეს დასრულდება. ასევე, ერთმანეთს ოქროსა და სუპერლიგის გუნდები დაუპირისპირდებიან.



  © SBM, 2016-2024