უხვგოლიან "საუნივერსიტეტო დერბიში" კსუ-მ იმარჯვა!

ყველა სიახლე
20 დეკემბერი 2019

უხვგოლიან

ფუტსალის ლიგა 2-ის 2019/20 წ.წ. სეზონის მესამე ტურში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და 6:4 იმარჯვა.

„საუნივერსიტეტო დერბი“ დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. კსუ მატჩის განმავლობაში ორჯერ აგებდა, თუმცა ორივეჯერ მოახერხა წონასწორობის აღდგენა და ოცდამეთხუთმეტე წუთზე წინ საბოლოოდ გავიდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ვანო ბექაურმა გაიფორმა. ორი ბურთია EU-ს მოთამაშის ნიკა მანგოშვილის ანგარიშზეც.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლაშა იოსებიძე, EU: “დაძაბული თამაში გამოვიდა. პროფესიონალურ ლიგაში პირველად ვასპარეზობთ და ალბათ, გამოცდილება დაგვაკლდა. ვფიქრობ, ამ შედეგზე გარკვეული გავლენა მსაჯების გადაწყვეტილებებმაც იქონია, თუმცა საბოლოოდ მაინც ჩვენი ბრალი იყო. აღვნიშნავ, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა, კსუ ამ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია.“

ვანო ბექაური, კსუ: “პირველ რიგში, მინდა ჩემპიონატის ორგანიზატორებს მადლობა გადავუხადო, რადგან ეს ყველაფერი მოთამაშეებს განვითარების საშუალებას გვაძლევს. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ის, რომ ხან ერთი გუნდი გადიოდა წინ და ხან მეორე, განაპირობებული იყო ორივე მხარის სიძლიერით. რიგ მომენტებში უკეთ ვითამაშეთ, მაქსიმალურად ვეცადეთ მწვრთნელის მითითებები გაგვეთალისწინებიდა და ამიტომაც გავიმარჯვეთ.“

მესამე ტური თსუ 2-სა და პსპ-ს დაპირისპირებით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024