კროკობეთი და ნატახტარი ფრეზე გაიყარნენ!

ყველა სიახლე
15 დეკემბერი 2019

კროკობეთი და ნატახტარი ფრეზე გაიყარნენ!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე სუპერლიგის მეხუთე ტურის სასტარტო შეხვედრით დასრულდა. შემოსავლების სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დამაჯერებელი ანგარიშით 6:1 სძლია. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ორ-ორი გოლი სოსო ლორთქიფანიძისა და იასონ ხუნდაძის ანგარიშზეა. ერთი ბურთის გაქვითვა TTC-ს მოთამაშე ბექა ბუსხრიკიძემ შეძლო.

ოქროს ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში კროკობეთი ნატახტარს დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. „ბუკმეიკერებმა“ მეორე ტაიმში წინ გასვლა მოახერხეს, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და თამაშის დამთავრებამდე ორი წუთით ადრე ნატახტარმა წონასწორობა აღადგინა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი სეფერთელაძე, ნატახტარი: „დაძაბული თამაში იყო. ჩვენი მოწინააღმდეგის რიგებში ახალგაზრდა ბიჭები არიან, ჩვენთან შედარებით მეტს დარბიან და მოძრაობენ. დღევანდელ შეხვედრაში ფრე ლოგიკური შედეგი იყო. წინ მთელი ჩემპიონატია და ამით არაფერი მთავრდება.“

ლევან კოპალიანი, კროკობეთი: „ორივე გუნდი ბოლომდე დავიხარჯეთ. როგორც თავიდანვე ვვარაუდობდით, რთული შეხვედრა იყო. დიდი ხანია ჩვენი მეტოქე ჩემპიონატში ასპარეზობს და საკმაო გამოცდილება აქვთ, რის ხარჯზეც მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. უპირატესობა გვქონდა, მაგრამ რამდენიმე წამით მოვდუნდით და ამის გამო დავისაჯეთ კიდეც.“

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი შეხვედრები 22 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024