თელასის ზედიზედ ორი მოგება!

ყველა სიახლე
13 დეკემბერი 2019

თელასის ზედიზედ ორი მოგება!

ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მეორე ტურის შეხვედრები თელასისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაპირისპირებით დაიწყო.

„ენერგეტიკოსებმა“ სწრაფი გოლი მეორე წუთზევე გაიტანეს. პირველი ტაიმი მათი უპირატესობით 3:1 დასრულდა. მატჩის ბოლომდე თელასმა კიდევ სამი გოლი გაიტანა და „უნივერსიტეტელები“ ანგარიშით 6:3 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი შოთა თოფურიამ გაიფორმა. ორი ბურთის გაქვითვა ალეკო ქაჯაიამ შეძლო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბაჩანა აბაშიძე, ბსუ-ს მთავარი მწვრთნელი: „გასულ შეხვედრაში დიდი იმედი გვქონდა, რომ სამ ქულას ავიღებდით, თუმცა გუნდის ოთხმოცდაათი პროცენტი შეცვლილია და იმ შედეგით, რასაც ვხედავ მიანც სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან, რომელსაც ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ჰყავს, ასეთი კარგი თამაში აჩვენო, რთულია და ნამდვილად დასაფასებელი. სეზონის დასაწყისში, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ახალ ბიჭებს თავის გამოჩენისა და გამოცდილების შეძენის საშუალება ჰქონოდათ. რაც დრო გავა, ვფიქრობ, მეტად ავთამაშდებით ისე, როგორც შეგვეფერება.“

ვახტანგ ჯვარაშვილი, თელასი: „კარგი სტარტი გვაქვს. ორიდან ორივე შეხვედრაში გავიმარჯვეთ. ჩვენი მეტოქე შექებას იმსახურებს, რადგან უკვე რამდენიმე წელია სტაბილურად კარგად ასპარეზობს. იყო ასპექტები, სადაც უკეთესები ვიყავით, ტაქტიკის თვალსაზრისით მაგალითად და ამის ხარჯზე შევძელით მოგება. უნდა აღვნიშნო, რომ ბოლომდე არ ვართ ფორმაში და ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის.“

ფუტსალის ლიგის მეორე ტურის სხვა შეხვედრაში თბილისი ქუთაისის მართვეს ხვდება, ილიაუნი კი თსუ-ს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024