ფოსტამ არმიას პირველი ქულები დააკარგვინა!

ყველა სიახლე
08 დეკემბერი 2019

ფოსტამ არმიას პირველი ქულები დააკარგვინა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა.

დასკვნითი მატჩი შემოსავლების სამსახურსა და მესტროს შორის შედგა. RS პირველივე ტაიმში დაწინაურდა, მეტოქე საბოლოოდ ანგარიშით 5:2 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ორი გოლი იასონ ხუნდაძის ანგარიშზეა.

სხვა შეხვედრაში პატრულმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან 5:2 იმარჯვა. „ძალოვნების“ რიგებიდან ორ-ორი გოლი ირაკლი ქარჩავასა და გიორგი ჭანტურიას ანგარიშზეა.

დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა საქართველოს ფოსტასა და არმიას დაპირისპირება. ბაკურ ნანეიშვილის გოლს გიორგი ღონღაძემ დუბლით უპასუხა და პირველი ტაიმი ფოსტას უპირატესობით წარიმართა. მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე გოგა ბაქრაძემ წონასწორობა აღადგინა. შეხვედრა საბოლოოდ ფრედ 2:2 დასრულდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გოგა ბაქრაძე, არმია: „პირველი ტაიმი მოწინააღმდეგის უპირატესობით წარიმართა, მაგრამ შემდეგ ძალები აღვიდგინეთ და შეხვედრის ფრედ დამთავრება შევძელით. ძალიან დაძაბული მატჩი იყო. მეორე ტაიმში ტაქტიკა შევცვალეთ, მწვრთნელის მითითებები გავითალისწინეთ. კარგი მეტოქე გვყავდა, მაგრამ მაინც, ვფიქრობ, რომ მოგება შეგვეძლო.“

გიორგი ღონღაძე, საქ. ფოსტა: „დღეს ნამდვილად გვეკუთვნოდა გამარჯვება, მაგრამ ეს სპორტია და ჩვენივე დაშვებული შეცდომების გამო ქულების გაყოფა მოგვიწია. არმია ძლიერი გუნდია. იმედია მომავალში გამოვასწორებთ შეცდომებს. სამწუხაროა, ასეთი თამაშის მოგება რომ ვერ შევძელით.“

მერაბ სიმონიშვილი, მაესტრო: „დღევანდელ შეხვედრას ნორმალურად შევაფასებდი. უკვე მეორე მარცხი ვიწვნიეთ. ცოტა უიღბლობასაც დავაბრალებდი ამ შედეგს. ბევრი ასპროცენტიანი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და ამისთვის დავისაჯეთ კიდეც. მოწინააღმდეგე კარგად იყო მომზადებული, თავიანთი უპირატესობები გამოიყენეს. მომავალი თამაშისთვის შეცდომებს გამოვასწორებთ და სამ ქულას მოვიპოვებთ.“

იასონ ხუნდაძე, RS: “ზედიზედ სამი მარცხი გვქონდა და დღეს განსაკუთრებით მოტივირებულები ვიყავით რათა ქულები აგვეღო. გულშემატკივრების გასახარებლად და ჩვენს ძალებში დასარწმუნებლად, ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა.“

ვერცხლის ლიგაში ავერსი კავკასიის ავტოიმპორტს ხვდება, დღის დასკვნით მატჩში კი ევროპაბეთი ICR-ს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024