"ბუკმეიკერთა დერბი" აჭარაბეთის გამარჯვებით დასრულდა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ოქროს ლიგის მეორე ტურის მატჩები ჩატარდა.
დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა აჭარაბეთისა და კროკობეთის დაპირისპირება. „ბუკმეიკერთა დერბში“ აჭარაბეთმა მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვა. მატჩის მეცხრამეტე წუთზე გუნდის დაწინაურება შოთა ცუცქირიძემ შეძლო. მეორე ტაიმის განახლებისთანავე კროკობეთს წონასწორობის პენალტით აღდგენის საშუალება მიეცა, თუმცა დავით თურმანიძემ შვიდმეტრიანი დარტყმა მოიგერია.
ოქროს ლიგის სხვა შეხვედრაში ვითიბიმ ნატახტართან კარი მშრალად შეინახა და 6:0 იმარჯვა. „ბანკირების“ რიგებიდან სამი გატანილი გოლით ვატო მაჭავარიანი გამოირჩა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლევან კოპალიანი, კროკობეთი: „პირველ რიგში, ვულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს. ბოლომდე დაიხარჯნენ და მომენტების გამოყენება შეძლეს, რაც ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. რაღაც მონაკვეთში წონასწორობა დავკარგეთ და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ლოგიკურად დავმარცხდით. ოქროს ლიგაში დებიუტანტები ვართ, ისევე, როგორც ჩვენი მეტოქე და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ“
თორნიკე კვიტატიანი, აჭარაბეთი: „ძალიან კარგი მოწინააღმდეგე გვყავდა. მომზადებულები იყვნენ, შეიძლება ითქვას ჩვენზე უკეთაც. უმეტესი დრო დაცვაში მოგვიწია თამაში და დღევანდელ შეხვედრაშიც წარმატებას სწორედ ამ კომპონენტით მივაღწიეთ. ზოგადად, ჩემპიონატში ყველა მეტოქე ძლიერია, თუმცა ჩვენ შევეცდებით სასურველი შედეგი მივიღოთ.“
მეორე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს სუპერლიგაში. დღის დასკვნით მატჩში კი, ვერცხლის ლიგის გუნდები, ავერსი და ევროპაბეთი ითამაშებენ.