სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა სასტარტო შეხვედრაში იმარჯვა!

ყველა სიახლე
03 ნოემბერი 2019

სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა სასტარტო შეხვედრაში იმარჯვა!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის პირველი სათამაშო დღე სუპერლიგის მატჩებით დასრულდა.

დასკვნით შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი, პსპ, შემოსავლების სამსახურს დაუპირისპირდა. დაძაბული შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა. ლაშა მებაღიშვილის გოლს თემო კვირველიამ უპასუხა. მატჩის ბედი ოცდამეცამეტე წუთზე ნიკოლოზ კოპლატაძის გოლმა გადაწყვიტა და „ფარმაცევტებმა“ საბოლოოდ 2:1 იმარჯვეს.

ტურის სხვა შეხვედრაში მაესტრო თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუპირისპირდა და 4:3 იმარჯვა. TTC-ს რიგებიდან დუბლი გიორგი თოთლაძემ გაიფორმა. ვატო გოქაძე კი, მაესტროს სამი გოლით დაეხმარა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით მეკოკიშვილი, RS: “სუპერლიგაში მეტად გამოცდილი გუნდები არიან და ვფიქრობ, გაგვიჭირდება თამაშების მოგება, მაგრამ შევეცდებით წარმატებას მივაღწიოთ. დღევანდელ შეხვედრაში, ცოტათი არ გაგვიმართლა, ასევე იყო მსაჯების მხრიდან რამდენიმე არაადეკვატური გადაწყვეტილებაც. თუმცა ვიბრძოლეთ და კარგი თამაში გამოვიდა.“

გივიკო კაციტაძე, პსპ: „თავდაპირველად, მინდა სუპერლიგის ახალ გუნდებს წარმატებები ვუსურვო. ყოველთვის რთულია სეზონის პირველი მატჩის ჩატარება, მით უმეტეს, ჩემპიონის რანგში, რადგან მეტი პასუხისმგებლობაა. ახალ მწვრთნელთან ერთად პირველი თამაში გვქონდა. მოტივირებულები ვიყავით, რათა მისგამო დღევანდელ შეხვედრაში სამი ქულა მოგვეპოვებინა. შემოსავლების სამსახური კარგი მეტოქე იყო და ალბათ უფრო გამოცდილების ხარჯზე ვიმარჯვეთ.“

10 ნოემბერს თბილისის ოლიმპიური სასახლე ვერცხლისა და ბრინჯაოს ლიგის პირველი ტურის დარჩენილ შეხვედრებს უმასპინძლებს. ამავე დღეს გაიმართება სუპერლიგისა და ოქროს ლიგის მეორე ტურის შეხვედრებიც.



  © SBM, 2016-2024