პატრულის წარმატებული დებიუტი სუპერლიგაში!

ყველა სიახლე
03 ნოემბერი 2019

პატრულის წარმატებული დებიუტი სუპერლიგაში!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის პირველი სათამაშო დღე სუპერლიგის შეხვედრებით გრძელდება.

სანახაობრივ და დაძაბულ მატჩში პატრულმა საქართველოს ფოსტა მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა. ალექს ხვთისავრიშვილის გოლს დავით დარჩიამ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. შეხვედრის ბოლო წამებზე კი, კონტრშეტევის შედეგიანად დასრულება ოთარ კუხალეიშვილმა შეძლო და „ძალოვნებს“ მათთვის სადებიუტო ლიგაში, პირველი სამი ქულა მოუპოვა.

დღეს ასევე გაიმართა ბრინჯაოს ლიგის მეორე შეხვედრა, სადაც ბეთლაივი დიპლომატ ჯორჯიასთან 3:0 დამარცხდა. ოქროს ლიგის სასტარტო მატჩი კი, ვითიბისა და კროკობეთს შორის შედგა. „ბუკმეიკერებმა“ დამაჯერებელი ანგარიშით 8:2 იმარჯვეს, საიდანაც ოთხი გოლი და ორი საგოლე გადაცემა ლევან კოპალეიშვილის ანგარიშზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

შოთა ფარულავა, საქ. ფოსტა: „ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერად გავიარეთ. ორი ფეხბურთელი დავიმატეთ. ჯერ-ჯერობით ოპტიმალურ ფორმაში არ ვართ, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა. რაც შეეხება თამაშს, ორივე ტაიმში, მიუხედავად ანგარიშის გათანაბრებისა, უპირატესობას ვფლობდით. ალბათ ყველაზე ლოგიკური დასასრული ფრე იქნებოდა, მაგრამ ბოლო წამებზე საერთოდ არაფრიდან გავუშვით კონტრშეტევაზე გოლი და დავმარცხდით, რასაც, ვფიქრობ, არ ვიმსახურებდით.“

თემურ რაქვიაშვილი, პატრული: „უკვე ვიცით, რომ წელს გაცილებთ რთული ტურნირი გველოდება. სუპერლიგა უფრო ძლიერი გუნდებითაა დაკომპლექტებული. ჩვენი დღევანდელი მეტოქე ტაქტიკურად ძალიან კარგად იყო მომზადებული. ტრავმების გამო რამდენიმე ვარჯიში გაგვიცდა და დღევანდელ შეხვედრაში ჩვენთვის მთავარი შედეგი იყო. გუნდისთვის დამახასიათებელი თამაში ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ ამისთვის მთელი სეზონი გვაქვს. რაც მთავარია, მიზანი შესრულებულია და პირველ შეხვედრაში სამი ქულა მოვიპოვეთ.“

დღის დარჩენილ შეხვედრებში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდი მაესტროს დაუპირისპირდება, პსპ კი, შემოსავლების სამსახურს შეხვდება.



  © SBM, 2016-2024