ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთორმეტე სეზონი 3 ნოემბერს იწყება!

ყველა სიახლე
31 ოქტომბერი 2019

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთორმეტე სეზონი 3 ნოემბერს იწყება!

3 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სპორტული სააგენტო SBM-ს ორგანიზებით, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რიგით მეთორმეტე სეზონი აიღებს სტარტს.

ამასთან დაკავშირებით 31 ოქტომბერს სასტუმრო „ვინდამ გრანდში“ ახალი სეზონის პრეზენტაცია და წილისყრა გაიმართა.

წლევანდელი ჩემპიონატი ხუთი სხვადასხვა ლიგის და თასის გათამაშების ფორმატში წარიმართება. ნოემბრიდან ასპარეზობას სუპერლიგის, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგის გუნდები დაიწყებენ, რომლებიც წრიული ეტაპის შემდეგ, ორ რაუნდიან პლეიოფში განაგრძობენ ბრძოლას. მომდევნო წლის აპრილიდან, ოთხივე ლიგის გუნდები თასის გათამაშებაში ჩაებმევიან. ასევე გაზაფხულიდან აიღებს სტარტს საკვალიფკაციო ლიგის გათამაშება, სადაც დებიუტანტი გუნდები იასპარეზებენ.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა ახალ სეზონს მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება. სპორტული სააგენტო SBM და უნიქარდი, ლიგის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადასცემს ექსკლუზიურ ბარათს, სადაც მოთამაშეებს, მათ მიერ კონკრეტულ მატჩში გატანილი გოლის ან საგოლე პასის შედეგად გამომუშავებული ბონუსები დაერიცხებათ, რომლის განაღდებაც ესპანური სპორტული ბრენდის „JOMA”-ს ნებისმიერ მაღაზიაში შეეძლებათ. გარდა ამისა ამ ბარათის მფლობელები, JOMA-ს პროდუქციის შეძენისას, საწყისი 12%-იანი ფასდაკლებით და ფასდაკლების ზრდის სისტემით ისარგებლებენ.  აღნიშნული ბარათი დამატებით აღჭურვილი იქნება უნიქარდის ბარათის ყველა ფუნქციით.

უკვე ტრადიციულად გათამაშდება პრიზი, ესპანური ლა ლიგის ორი ბილეთი + ავია ბილეთები, რომლის მფლობელიც მთელი სეზონის განმავლობაში ჯომას სპორტული ფეხსაცმლით ყველაზე მეტი გოლის ავტორი გახდება. რაც შეეხება წინა სეზონის გამარჯვებულს, სფფ-ს ფეხბურთელი გიორგი რევაზიშვილი, 16 თებერვალს კამპ ნოუზე, ბარსელონა ხეტაფეს მატჩს დაესწრება.

სახელობითი სპონსორი ეყოლება ლიგის თასის გათამაშებას. სუპერლიგის, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგის გუნდები „კავკასიის ავტოიმპორტის (CAI CUP) თასისთვის“ იბრძოლებენ.

წელს ასევე პირველად, დასახელდება სეზონის საუკეთესო მოთამაშე. გოლს + პასის სისტემით, ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი „კავკასიის ავტოიმპორტისგან“  FIAT 500 მარკის ავტომობილით დაჯილდოვდება.

წილისყრის შედეგად გუნდებს სიმბოლური ნომრები მიენიჭათ. 3 ნოემბერს, პირველ სათამაშო დღეს, ოქროს ლიგაში ვითიბი - კროკობეთს, აჭარაბეთი კი, სფფ-ს დაუპირისპირდება. ვერცხლის ლიგაში საქართველოს ბანკი - კავკასიის ავტოიმპორტს და ჰუავეი - ICR-ს შეხვედება. სუპერლიგის გულშემატკივარი პსპ - შემოსავლების სამსახურის, პატრული - საქართველოს ფოსტას, თბილისის სატრანსპორტო კომპანია - მაესტროს და სფფ - არმია-ს მატჩებს იხილავს. ბრინჯაოს ლიგაში ნაბეღლავი მტკვარი-ენერჯის, ხოლო ბეთლაივი დიპლომატ ჯორჯიას გაეჯიბრება.

პირველი ტურის დარჩენილი შეხვედები 10 ნოემბერს გაიმართება. ერთმანეთს ავერსი - ევროპაბეთი, ლიბერთი ბანკი - სახელმწიფო ელექტროსისტემა, ენერგო-პრო ქართუ ბანკი და მაჯორელი ბაქსვუდი დაპირისპირდებიან.



  © SBM, 2016-2024