თელასმა შვედური უდევალა დაამარცხა!

ყველა სიახლე
09 ოქტომბერი 2019

თელასმა შვედური უდევალა დაამარცხა!

საქართველოს ფუტსალის ლიგის გამარჯვებული თელასი ქვეყნის ღირსებას უეფას ჩემპიონთა ლიგის მეინ რაუნდში იცავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი პირველ შეხვედრაში, შვედეთის ქალაქ უდევალაში, ადგილობრივ ჩემპიონს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა.

ზურაბ ლუკავამ „ენერგეტიკოსები“ მეექვსე წუთზე დააწინაურა. „უდევალამ“ წონასწორობის აღდგენა მოახერხა და მეორე ნახევარში წინ გავიდა, მაგრამ მათი უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა - მიღებულ გოლს შოთა თოფურიამ მალევე უპასუხა და შემდეგ დუბლიც გაიფორმა. თამაშის დასრულებამდე ნიკოლოზ კურტანიძემ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და შეხვედრა საბოლოოდ თელასის გამარჯვებით 4:2 დასრულდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ავთანდილ ასათიანი, თელასის მთავარი მწვრთნელი: „მეინ რაუნდისთვის ყველანაირად ვემზადებოდით, ამისთვის შესაბამისი პირობები გვქონდა. შემადგენლობის მხრივ, წინა შესარჩევი ეტაპის შემდეგ, ორი მნიშვნელოვანი ფიგურა გამოგვაკლდა. მათი ჩანაცვლება რთული იყო, მაგრამ არსებული ალტერნატივებიდან გამომდინარე დანაკლისი შეძლებისდაგვარად შევივსეთ. ერთი გუნდი გადის შემდეგ ეტაპზე და ბრძოლა მოგვიწევს. ყველაზე მძიმე შეხვედრა, ალბათ იტალიურ „პეზაროსთან“ შედგება. ჩვენი მთავარი მიზანია ქულების მაქსიმუმის მოპოვება.“

მეინ რაუნდის მეორე შეხვედრას თელასი 10 ოქტომბერს სწორედ იტალიურ „პეზაროსთან“ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 19:00 საათზე დაიწყება.



  © SBM, 2016-2024