ნიკოლოზ კოპლატაძე: "ვარსკვლავურ გუნდთან ვიმარჯვეთ"
ყველა სიახლეპსპ სუპერლიგის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი, მეოთხედ გახდა.
„ფარმაცევტები“ ფინალში უკვე მესამედ დაუპირისპირდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდს და გამარჯვებული კვლავ უცვლელი დარჩა. დასკვნითი მატჩი უხვგოლიანი გამოდგა. გურამ გოგიჩაიშვილის საწყის გოლს ზურაბ ხიზანიშვილმა უპასუხა. თამაშის დასრულებამდე სფფ-ს მხრიდან ალექსანდრე ამისულაშვილმა დუბლი გაიფორმა და მას ერთი გოლით ალექსანდრე იაშვილიც დაეხმარა, თუმცა მათი მცდელობა ნიკოლოზ კოპლატაძის ორი, მირიან მირგატიასა და ირაკლი ბურჭულაძის თითო გოლის წინააღმდეგ საკმარისი არ აღმოჩნდა. შეხვედრა საბოლოოდ პსპ-ს გამარჯვებით 5:4 დასრულდა.
თამაშის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საუკეთესო ტრადიციის ნომინაციის გამარჯვებულად, McGill-ს მოთამაშე მამა-შვილი, გიორგი და ბექა წიკლაური დასახელდნენ. სეზონის განმავლობაში 6 შედეგიანი გადაცემით ალექსანდრე ამისულაშვილი გამოირჩა (სფფ). საუკეთესო მეკარის ჯილდო გიორგი ვეშაპიძეს გადაეცა (საქ. ფოსტა). საუკეთესო მცველი გივი კვარაცხელიაა (სფფ) . საუკეთესო უნივერსალის წოდება ლევან სარდანაშვილს ერგო (პსპ). საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი ალექსანდრე იაშვილმა მიიღო (სფფ). ტურნირის ბომბარდირი 19 გოლითა და სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლოზ კოპლატაძე გახდა (პსპ). ნომინაციებში გამარჯვებულებს კომპანია სნეპისგან ვაუჩერები გადაეცათ.
Sbm.ge გთავაზობთ დაჯილდოების შემდგომ კომენტარებს:
ლევან კობიაშვილი, სფფ: „პირველ რიგში, მინდა პსპ-ს ღირსეული ჩემპიონობა მივულოცო. რა თქმა უნდა, გული დაგვწყდა. უკვე მერამდენედ, ამ გუნდის ფინალში დამარცხებას ვერ ვახერხებთ. თუმცა, ჩემთვის აქ მოგებას არ აქვს იმდენად დიდი მნიშვნელობა, რამდენადაც თვითონ ჩემპიონატს. იგი ყოველწლიურად უფრო და უფრო საინტერესო ხდება. მიხარია, რომ წლიდან-წლამდე კიდევ უფრო მეტი გუნდი ერთვება. მესამედ მიწევს იმის თქმა, რომ შემდეგ სეზონზე ვეცდებით უფრო ძლიერები დავბრუნდეთ. ფინალამდე მოსვლას მაინც ვახერხებთ ხოლმე, რაც ცუდი შედეგი არაა და ეს ჩვენთვის ერთგვარი მოტივაცია იქნება.“
ნიკოლოზ კოპლატაძე, პსპ: „ფინალი ძალიან დაძაბული გამოვიდა. ვარსკვლავურ გუნდთან ვიმარჯვეთ. სფფ ისეთი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომ ასეთი შედეგი ორმაგად სასიხარულოა. მათ გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს მეტი მონდომება და სისწრაფე დავუპირისპირეთ, რამაც შედეგი გამოიღო. რაც შეეხება პერსონალურ ჯილდოებს, ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა. საუკეთესო მოთამაშის პრიზი პირველად მივიღე და მოხარული ვარ.“
სოფო სოლოღაშვილი, სნეპის დირექტორი: „უკვე მერამდენე წელია, რაც ჯომასთან და SBM-თან ვთანამშრომლობთ. ჩვენი მწვრთნელები ჯომას სპორტული კომპლექტით არიან შემოსილები და ძალიან კმაყოფილები ვართ. რაც შეეხება კონკრეტულად ამ პროექტს, ძალიან მიხარია, რომ მისი თანმდევი ვარ. ნომინაციებში გამარჯვებულებს ვაუჩერები გადავეცით, რითაც ჩვენი მხარდაჭერა გამოიხატება. ყოველთვის მივესალმებით ისეთ კომპანიებს, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის სადარაჯოზე არიან და იმედია ჩვენი წარმატებული ტანდემი გაგრძელდება.“
ზაალ ჩიტალაძე, სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორი:„პირველ რიგში, მადლობას ვუხდი დღევანდელი ფინალის მონაწილეებს. პსპ-ს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონი განსაკუთრებული გამოდგა თავისი სანახაობითა და გუნდების ჩართულობით, რომელთაც ასევე მადლობას ვუხდი. შესანიშნავი ფინალები ვიხილეთ. იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგი სეზონი უფრო საინტრესო იქნება, გუნდების რაოდენობაც გაიზრდება და ჩვენი მხრიდან მათ მეტ სიახლეებსაც შევთავაზებთ.“
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წ.წ. ტურნირი სუპერლიგის ფინალით დასრულდა და რიგით მეთორმეტე სეზონი გულშემატკივარს პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.