ფუტსალის ლიგის საუკეთესო შვიდეული!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. საუკეთესო გუნდი თელასია.
მეხუთე, გადამწყვეტ შეხვედრაში თელასმა TMC თბილისს ორბურთიანი უპირატესობით სძლია (2:0). მატჩის პირველმა ნახევარმა გატანილი გოლის გარეშე ჩაიარა. ოცდამეთერთმეტე წუთზე კი, ჯანო გიორგაიამ ნუკრი ჭუმბურიძის გადაცემა შედეგიანად გამოიყენა და „ენერგეტიკოსები“ დააწინაურა. „მედიკოსებმა“ მცდელობის მიუხედავად წონასწორობა ვერ აღადგინეს და თამაშის დასრულებამდე შოთა თოფურიამ სხვაობა ორამდე გაზარდა.
სეზონის დასკვნითი შეხვედრის შემდეგ ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ტურნირის ბომბარდირი 28 გოლით ამირან ცხომარია გახდა (თელასი). საუკეთესო მეკარის ჯილდო ალექსანდრე ჯამბურიას გადაეცა (თელასი). საუკეთესო მცველი ლევან კობაიძეა (თსუ). საუკეთესო უნივერსალის წოდება ნუკრი ჭუმბურიძეს ერგო (თელასი). საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი გიორგი სილაგავამ მიიღო (TMC). საუკეთესო ასისტენტი და ყველაზე სასარგებლო მოთამაშე 33 შედეგიანი გადაცემითა და 16 გატანილი გოლით შოთა თოფურია გახდა (თელასი). ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის საუკეთესო მოთამაშე ვახტანგ კეკელიაა (TMC).
Sbm.ge გთავაზობთ ფინალის შემდგომ კომენტარებს:
დავით მუჯირი, სფფ-ს გენერალური მდივანი: „წლიდან წლამდე უფრო საინტერესო ფუტსალის ლიგა გვაქვს. წარმატებებს ვუსურვებ TMC-ს, რომელმაც ჩემპიონატი წელსაც გაალამაზა. თელასს კი, მოპოვებულ გამარჯვებას ვულოცავ. როგორც იცით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ფუტსალის განვითარება, რაც აისახება იმაზეც, რომ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი ეროვნული ნაკრები გვყავს, რომელთაც შემოდგომაზე ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიოს შესარჩევის მორიგი ეტაპი ელით. ნაკრების ძირითადი მოთამაშეები სწორედ ამ გუნდებში არიან გადანაწილებულები და მინდა მათ, როგორც საკლუბო, ასევე ეროვნულ დონეზე წარმატებები ვუსურვო.“
ვახტანგ კეკელია, TMC: “პირველ რიგში, თელასს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ და ლიგაზე წარმატებებს ვუსურვებ. იმედია, საქართველოს სახელს ღირსეულად წარადგენენ. პირადი ტიტული, რომელიც მივიღე, ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ჩემპიონობას ვერ შეედრება. მომავალ მიზნებთან დაკავშირებით, გარკვეული პაუზის შემდეგ შევიკრიბებით, მოვილაპარაკებთ და ალბათ უფრო ძლიერი გუნდით დავბრუნდებით.“
ამირან ცხომარია, თელასი: „ძალიან დიდი მადლობა მოწინააღმდეგე გუნდს ასეთი თამაშისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ 2018/19 წ.წ. სეზონი შედგა. დიდი ხანი ვემზადებოდით, რათა შედეგისთვის მიგვეღწია. ორმაგად რთული იქნება მომავალში ამ ტიტულის შენარჩუნება. ჩემი ბომბარდირობით გუნდსაც დავეხმარე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩემპიონობის გარეშე ამას ფასი არ ექნებოდა.“
ჯანო გიორგაია, თელასი: „როგორც ყოველთვის, TMC-სთან დაძაბული და საინტერესო თამაში გამოვიდა. მიხარია, რომ პირველი გოლის ავტორი ვარ, რომელმაც შემდგომ ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოგვცა. ბოლომდე ვიბრძოლეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ.“
შოთა თოფურია, თელასი: „არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან დაძაბული სერია იყო, მეხუთე თამაში გახდა საჭირო. თანაბარი დონის გუნდები ვართ და პატარა ნიუანსები წყვეტდა ყველაფერს. საბოლოოდ, დასკვნითი მატჩისთვის ისე განვეწყვეთ და ისე მოვინდომთ, რომ მთელი წლის შრომა დაგვიფასდა. ინდივიდუალური ჯილდო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასიამოვნოა, ჩემპიონობას ვერ შეედრება. მინდა მთელ გუნდს და გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო.“
ფუტსალის ლიგის მიმდინარე ჩემპიონატი ამით დასრულდა და გულშემატკივას 2019/20 წ.წ. სეზონზე დაუბრუნდება.