თელასი საქართველოს ჩემპიონია!

ყველა სიახლე
28 ივნისი 2019

თელასი საქართველოს ჩემპიონია!

ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის ჩემპიონი თელასი გახდა!

საჩემპიონო სერიამ დაძაბულობა ბოლომდე შეინარჩუნა. ქვეყნის მთავარი ტიტულის მფლობელი მეხუთე, გადამწყვეტ შეხვედრაში გამოვლინდა. მატჩის პირველ ნახევარში TMC თბილისი და თელასიც გარისკვისგან თავს იკავებდა, მაგრამ ოცდამეთერთმეტე წუთზე ნუკრი ჭუმბურიძის გადაცემა ჯანო გიორგაიამ გამოიყენა და „ენერგეტიკოსები“ დააწინაურა. დარჩენილ დროში TMC უფრო გააქტიურდა, თამაშის ტემპმაც იმატა, თუმცა „მედიკოსებმა“ ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს და ხუთით შეტევაზე გადასულებს შოთა თოფურიამ კიდევ ერთი ბურთი გაუტანა. ფინალური შეხვედრა საბოლოოდ 2:0 დასრულდა და თელასმა ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება დაიბრუნა.

Sbm.ge გთავაზობთ მთავარი მწვრთნელების კომენტარებს:

ალექსანდრე ძაბირაძე, TMC: “ადრეც ვთქვი, რომ შემადგენლობის მხრივ პრობლემები გვაქვს და ჩვენთვის ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო. რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ. ბოლომდე ვიბრძოლეთ. ნახევარფინალიდან მოყოლებული რთული მატჩები მოგვიწია. ვიცოდი, რომ ჩემპიონის ბედს დეტალები გადაწყვეტდა და ასეც მოხდა. ვულოცავ თელასს გამარჯვებას და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვუსურვებ. მთლიანად ტურნირის დონე წლიდან-წლამდე იზრდება და ახალი გუნდების დამატებაც დადებითად იმოქმედებს.“

ავთანდილ ასათიანი, თელასი:“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს თელასის მესამე ტიტულია და ჩემპიონობის მოპოვება ჩვენთვის ასეთი რთული არასდროს ყოფილა. სხვა გუნდების პატივისცემის მიუხედავად, წელს სამი გამორჩეულად ძლიერი გუნდი იბრძოდა პირველობისთვის. თვითონ ფინალს რაც შეეხება, ხუთივე თამაში ძალიან ძნელი იყო. დიდი მნიშვნელბა მივანიჭეთ ისეთ დეტალებს, როგორიცაა, ვთქვათ, ფსიქოლოგიური ფაქტორი - რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა. მთელი სეზონის მანძილზე გაწეული შრომისთვის მთელ გუნდს მადლობას ვუხდი. ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრის დრო ჯერ არ გვქონია, რადგან მთლიანად აქაურობაზე ვიყავით კონცენტრირებული. ბევრად სოლიდურ გუნდებთან გვექნება საქმე და სერიოზული მომზადება გვმართებს.“



  © SBM, 2016-2024