საჩემპიონო სერიის მეოთხე მატჩის წინ!

ყველა სიახლე
24 ივნისი 2019

საჩემპიონო სერიის მეოთხე მატჩის წინ!

25 ივნისს შესაძლოა საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონის ტიტული კვლავ ძველ მფლობელს დაუბრუნდეს. სერიაში გათანაბრებული ანგარიშის შემდეგ თელასმა დაწინაურებაც მოახერხა და ახლა ტრიუმფამდე სულ რაღაც ერთი გამარჯვება აშორებს.

2016/2017 წ.წ. სეზონზე, როცა „ენერგეტიკოსებმა“ ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვეს, მათი მეტოქე სწორედ TMC თბილისი იყო და სერიაში ანგარიში ამავე სცენარით მიმდინარეობდა. „მედიკოსებმა“ პირველ შეხვედრაში დიდი ანგარიშით იმარჯვეს, თუმცა შემდეგ წონასწორობა აღდგა და უპირატესობა თელასისკენ გადავიდა. რაც შეეხება გასულ წელს, გუნდები ერთმანეთს ნეხევარფინალში დაუპირისპირდნენ და TMC-მ ფინალამდე მისასვლელად ანალოგიური გზა გაიარა. აღნიშნული სტატისტიკა სერიაში პირველად დაწინაურებული გუნდის სასარგებლოდ ნამდვილად არ მეტყველებს, თუმცა ისიც ნათელია, რომ ანგარიშის შემოტრიალება ორივე მათგანს სჩვევია.

საჩემპიონო სერიის მესამე შეხვედრამ დაძაბულად ჩაიარა. მატჩის განმავლობაში გაფრთხილება ჯამში შვიდმა მოთამაშემ მიიღო. ორივე გუნდი ბარათების მხრივ საკმაოდ დაიტვირთა.  TMC თბილისის კაპიტანმა, ვახტანგ კეკელიამ განაცხადა, რომ ეს მდგომარეობა მათზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. „მედიკოსებს“ არსებული რეალობიდან გამომდინარე, თავშეკავების დრო არც აქვთ, რადგან მარცხის შემთხვევაში ტიტულის დათმობა თელასისთვის მოუწევთ.

ფინალური სერიის მეოთხე დაპირისპირებას თბილისის ოლიმპიური სასახლე 25 ივნისს, 21:00 საათზე უმასპინძლებს. მატჩის პირდაპირ ეთერში ხილვა მაყურებელს სილკ HD1-ზე შეეძლება. გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია!



  © SBM, 2016-2024