პატრული ლიგის თასს მესამედ დაეუფლა!

ყველა სიახლე
23 ივნისი 2019

პატრული ლიგის თასს მესამედ დაეუფლა!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის თასის გათამაშების გამარჯვებული საპატრულო პოლიციის გუნდი გახდა.

ფინალში ერთმანეთს ოქროს ლიგის გუნდები, არმია და პატრული დაუპირისპირდნენ. „ძალოვანთა დერბიმ“ ჩვეული დაძაბულობით ჩაიარა. მეთორმეტე წუთზე ლექსო მამფორიამ პატრულის დაწინაურება შეძლო. მეორე ტაიმში კი, სამი წუთის ინტერვალში, რევაზ ინჯგიამ დუბლი გაიფორმა და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. არმიას გაძლიერებულმა შეტევების ტალღამ შედეგი გამოიღო და ნიკოლოზ უგრეხელიძემ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა. მატჩი საბოლოოდ 3:1 დასრულდა.

ფინალის შემდგომ დაჯილდოების ცერემონიაზე ნომინაციებში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. გათამაშების ბომბარდირი 5 გატანილი გოლით რევაზ ინჯგია გახდა (პატრული). საუკეთესო მოთამაშის პრიზი ჩემპიონი გუნდის მეკარეს, შოთა ღურბელეიშვილს გადაეცა.

Sbm.ge გთავაზობთ ფინალის შემდგომ კომენტარებს:

ირაკლი ლატარია, არმია: „გვქონდა შანსი, სეზონი ორი ტიტულით დაგვესრულებინა, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. მინდა მადლობა გადავუხადო მოსულ გულშემატკივარს, რომელთაც სანახაობით ნამდვილად ისიამოვნეს. თამაში პირველი ტაიმიდან პატრულისთვის სასურველი სცენარით წარიმართა. ჩვენც ვიბრძოლეთ. საწადელს ვერ მივაღწიეთ, თუმცა მთლიანად ეს წელი ნაყოფიერად დავასრულეთ.“

რევაზ ინჯგია, პატრული: „ჩვენი მოწინააღმდეგე ძალიან ორგანიზებული და კარგად დაკომპლექტებული გუნდია. რთულია მათთან თამაში, მაგრამ მაინც მოვახერხეთ და მეტი ბრძლით წარმატებას მივაღწიეთ. წლებია ამ ტურნირში ვმონაწილეობთ და წელს ნაბიჯ-ნაბიჯ შევძელით სასურველი შედეგის მიღება.“

შოთა ღურბელეიშვილი, პატრული: „ფინალი ძალიან სანახაობრივი და დაძაბული გამოვიდა. არმია ძლიერი გუნდია, მაგრამ ალბათ საგოლე მომენტების რეალიზებაში ვაჯობეთ. ათმაგად სასიხარულოა, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გავხდი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თითოეულ გუნდელს, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე ამ ჯილდოს ვერ მივიღებდი. რაც შეეხება მომავალ მიზნებს, შესვენების შემდეგ განვაახლებთ ვარჯიშებს და კვლავ ტიტულისთვის ვიბრძოლებთ.“

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონი 30 ივნისს სუპერლიგის ფინალით დასრულდება. ერთმანეთს პსპ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდი დაუპირისპირდებიან.



  © SBM, 2016-2024