თელასს მთავარ ტიტულამდე ერთი გამარჯვება აშორებს!

ყველა სიახლე
21 ივნისი 2019

თელასს მთავარ ტიტულამდე ერთი გამარჯვება აშორებს!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის საჩემპიონო სერიის მესამე შეხვედრა გაიმართა. თელასისა და TMC თბილისის დაძაბული დაპირისპირება „ენერგეტიკოსების“ გამარჯვებით 4:0 დასრულდა. მატჩში ანგარიში მეთვრამეტე წუთზე ზურაბ ლუკავამ გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში „მედიკოსები“ უფრო გააქტიურდნენ, თუმცა საკმაოდ სახიფათო მომენტის გამოყენება ვერ შეძლეს და თელასის კონტრშეტევა ჯანო გიორგაიამ გოლით დაასრულა. ორბურთიანი უპირატესობა ამირან ცხომარიამ მალევე სამამდე გაზარდა. თამაშის დასრულებამდე კი დუბლის გაფორმება ზურაბ ლუკავამ მოახერხა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ვახტანგ კეკელია, TMC: “დღევანდელ შეხვედრაში ასეთი ანგარიში, პირველ რიგში, გამოიწვია იმან, რომ მესამე გოლის შემდეგ ხუთით შეტევაზე გადავედით და შესაფერისი მობილიზება ვერ მოვახერხეთ.  ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და დავმარცხდით. მომავალი მატჩისთვის დეტალურად განვიხილავთ ყველაფერს. ჩვენს უპირატესობებსაც უკეთ გავაანალიზებთ.  ბარათებით დავიტვირთეთ, თუმცა თამაშისას არავინ ფიქრობს ამაზე და არამგონია ამან დიდი გავლენა იქონიოს. მოწინააღმდეგეს კი, დღევანდელ შედეგს ვულოცავ.“

თემურ ექიზაშვილი, TMC: “მას შემდეგ, რაც თელასი ორი ბურთით დაწინაურდა, ჩვენმა გუნდმა კონცენტრაცია დაკარგა. საკმაო დრო გვქონდა, თუმცა ვერ დავიჯერეთ, რომ ანგარიშის შემოტრიალება შეგვეძლო და ამიტომაც დავისაჯეთ. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შემდეგი შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ. შარშანაც ვმარცხდებოდით თელასთან სერიაში, მაგრამ საბოლოოდ გავიმარჯვეთ. ასე რომ, შეუძლებელი არაფერია.“

ჯანო გიორგაია, თელასი: „ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს და შესაბამისად, დაძაბული თამაში იყო. ორივე გუნდს ბევრი შანსი გვქონდა, თუმცა მათი გამოყენება, ჩვენგან განსხვავებით, TMC თბილისმა ვერ მოახერხა. ჩვენი მთავარი უპირატესობა მეოთხე მატჩში ფსიქოლოგიურ მხარეში გამოიხატება და ვეცდებით ყველაფერი დავასრულოთ.“

ნუკრი ჭუმბურიძე, თელასი: „TMC თბილისთან ნებისმიერი მატჩი რთულია. დიდი ანგარიშით ვიმარჯვეთ, რამაც შემდეგი შეხვედრისთვის ფსიქოლოგიური უპირატესობა მოგვცა. პრობლემები გვქონდა მომენტების რეალიზებასთან დაკავშირებით, თუმცა ვიმუშავეთ ამ მხრივ და ამან შედეგიც გამოიღო. შევეცდებით, რომ ოთხი თამაშით დავასრულოთ სერია და ჩემპიონები გავხდეთ.“

ამ შეხვედრის შემდეგ სერიაში ანგარიში თელასის სასარგებლოდ 2:1 გახდა. რიგით მეოთხე დაპირისპირება, რომელშიც შესაძლოა საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდეს, 25 ივნისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024