მესამედ სუპერლიგის ფინალში - პსპ vs სფფ!
ყველა სიახლეპსპ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სუპერლიგის ფინალში მესამედ ითამაშებენ. სფფ ლიგის მოგებას, პსპ კი ტიტულის დაცვას შეეცდება.
დაძაბულ და სანახაობრივ ½ ფინალურ სერიაში პსპ-მ საქართველოს ფოსტას 2:1 სძლია, ანგარიში მატჩის მეორე წუთზე ლევან სარდანაშვილმა გახსნა, მეათე წუთზე კი წონასწორობა ალექსი ხვთისავრიშვილმა აღადგინა. გამარჯვების მომტანი გოლი კი „ფარმაცევტების“ მოთამაშემ ზუკა გარსევანიშვილმა გაიტანა.
დაძაბული გამოდგა ½ ფინალური სერიის მეორე განმეორებითი შეხვედრის პირველი პერიოდი, სფფ-მ მატჩის დაწყებიდან მალევე ორი გოლის გატანა შეძლო, რასაც ნატახტარმაც უპასუხა, მათ ჯერ წონასწორობის აღდგენა, შემდეგ წინ გასვლა მოახერხეს,მატჩის დასრულებამდე ფედერაციამ ძალების მობილიზება მოახდინა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 8:4 დააფიქსირა. საბოლოო ჯამში კი მეტოქე სერიაში 2:0 დაამარცხა.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს.
ლევან სარდანაშვილი, პსპ: „პირველ რიგში მინდა მეტოქე გუნდს მადლობა გადავუხადო ღირსეული თამაშისთვის, ბრწყინვალე გუნდია. ველოდით კიდევაც ბრძოლას, სხვაგვარად ფინალში ვერ გავიდოდით. ზედიზედ მესამედ ითამაშებს ჩვენი გუნდი სუპერლიგის ფინალში რაც მარტივი არ არის. წელს სხვა ტურნირებზე არ გამოგვივიდა, წარმატების მიღწევა და აქ ორმაგად მოტივირებულები ვიქნებით, რომ დავიცვათ ტიტული. ფეხბურთის ფედერაცია ძალიან გამოცდილი გუნდია ჩვენ მათთან გვითამაშია სუპერლიგის ფინალში ორჯერ. ველოდებით ძალიან დაძაბულ ფინალს.“
ალექსანდრე იაშვილი, სფფ: „ ანგარიშის მიუხედავად რთული თამაში იყო, პირველ ტაიმს ვიგებდით, შემდეგ ვაგებდით, თუმცა როდესაც არის კარებს შორის მანძილი შედარებით მცირე, უფრო მეტი გოლი გადის ვიდრე დიდ ფეხბურთში. ჩვენს მეტოქეს რაც შეეხება, პსპ-სთან მესამედ ვითამაშებთ სუპერლიგის ფინალში, ორჯერ დავმარცხდით. ვიმედოვნებთ რომ მესამე ფინალურ შეხვედრას მოვიგებთ და წარმატებას მივაღწევთ. იმედი გვაქვს რომ ფინალში ყველა ფეხბურთელი გვეყოლება."
აღსანიშნავია, რომ ორი ჩატარებული ფინალიდან დადებითი ბალანსი „ფარმაცევტების“ მხარესაა.
სუპერლიგის ფინალური მატჩი 30 ივნის გაიმართება, სწორედ აღნიშნული ტიტულის გათამაშებით დასრულდება ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონიც.