ნოდარ დარახველიძე: "ნანატრი ტიტული მოვიპოვეთ"
ყველა სიახლებრინჯაოს ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის ფინალში ერთმანეთს საქართველოს ბანკი და სახელმწიფო ელექტროსისტემის გუნდი დაუპირისპირდნენ და ჩემპიონობა „ბანკირებმა“ მოიპოვეს.
შეხვედრის პირველმა ნახევარმა დაძაბულად ჩაიარა. GSE-მ ანგარიშის გათანაბრება ორჯერ მოახერხა, შემდეგ დაწინაურდა კიდეც და მეორე ტაიმს ერთბუთიანი უპირატესობით შეხვდა (3:2), თუმცა მატჩის დასრულებამდე გოლის გატანა ვეღარ მოახერხა. BOG-მ თამაში თავისი სცენარით წაიყვანა და მეტოქეს საბოლოოდ დამაჯერებელი ანგარიშით 7:3 სძლია. „ბანკირების“ რიგებიდან ორ-ორი გოლი დავით ჯანელიძესა და გიორგი ცაგარეიშვილის ანგარიშზეა.
დასკვნითი მატჩის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სეზონის საუკეთესო მეკარედ დათა ფარაჯანიშვილი დასახელდა (BOG). საუკეთესო მცველი შოთა ბათილაშვილია (ICR). საუკეთესო თავდამსხმელის წოდება კახა ტოგონიძეს ერგო (GSE). საუკეთესო უნივერსალის ჯილდო ლაშა მდივანს გადაეცა (McGill). ტურნირის ბომბარდირი 16 გატანილი გოლითა და ასევე ასისტენტიც, 6 საგოლე გადაცემით, გოგიტა ჩუბინიძე გახდა (GSE). ბრინჯაოს ლიგის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ცაგარეიშვილია.
Sbm.ge გთავაზობთ დაჯილდოების შემდგომ კომენტარებს:
გოგიტა ჩუბინიძე, GSE: “საკმაოდ კარგი და წარმატებული სეზონი გვქონდა. ჩემი აზრით, მაყურებელმა სანახაობრივი მატჩი იხილა. შეხვედრაში უპირატესობა თავიდან ჩვენ გვქონდა, თუმცა საქართველოს ბანკმა გარდატეხის შეტანა მოახერხა. მეორე ტაიმი ჩვენზე უკეთ ითამაშეს და ეს ტიტული დაიმსახურეს. ვიმედოვნებთ მომავალი სეზონი კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება.“
გიორგი ცაგარეიშვილი, BOG: “ძალიან საინტერესო ჩემპიონატი გამოვიდა. კარგი ფინალი იყო. მადლობა მოწინააღმდეგე გუნდს. ბევრი ვიშრომეთ ამ ტიტულისთვის. ალბათ, მთავარი უპირატესობა მაინც ხასიათში გამოიხატა, უფრო მონდომებულები ვიყავით. ასევე, გულშემატკივრებს მინდა მადლობა გადავუხადო, რომლებმაც ჩვენთ ერთად ისიამოვნეს და ეს გამარჯვება გაიზიარეს.“
ნოდარ დარახველიძე, BOG: “ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე დაახლოებით შვიდი წელია რაც ვასპარეზობთ. ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა ნახევარფინალში და ფინალში თამაში იყო. მთელი ტურნირის განმავლობაში ბევრი რთული მატჩი გვქონდა. საბოლოოდ, შევძელით და დასკვნით ბრძოლაში გავიმარჯვეთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ვაგებდით, შესვენებაზე მწვრთნელმა ისე გაგვამხნევა, რომ უდიდესი მოტივაცია მოგვეცა და ნანატრი ტიტული მოვიპოვეთ. დიდი მადლობა სპორტულ სააგენტო SBM-ს, ასეთი კარგი ორგანიზებულობისთვის და მომავალ წელს შევცდებით ჩვენი სტატუსი შევინარჩუნოთ.“
ბრინჯაოს ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონი საქართველოს ბანკის სადებიუტო გამარჯვებით დასრულდა.