საქართველოს ბანკი ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონია!

ყველა სიახლე
14 ივნისი 2019

საქართველოს ბანკი ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონია!

ბრინჯაოს ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის გამარჯვებული საქართველოს ბანკი გახდა.

ფინალური შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. საქართველოს ბანკი სახელმწიფო ელექტროსისტემის გუნდს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით 7:3 იმარჯვა. პირველი ტაიმის სცენარი მეორე ნახევრისგან სრულიად განსხვავებულად მიმდინარეობდა. GSE შეხვედრას ერთბურთიანი უპირატესობით იგებდა (3:2), თუმცა თამაშის განახლებიდან მეშვიდე წუთზე გიორგი ცაგარეიშვილმა დუბლი გაიფორმა და BOG წინ გაიყვანა. გატანილი გოლის შემდეგ „ბანკირებს“ უპირატესობის გაზრდა აღარ გასჭირვებიათ. ჩემპიონთა რიგებიდან ორი გოლია ასევე დავით ჯანელიძეს ანგარიშზეც.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბადრი შუბლაძე, საქართველოს ბანკი: „პირველ რიგში, ძალიან საინტერესო მატჩი გამოვიდა, რისთვისაც ჩვენს მოწინააღდეგეს მადლობას ვუხდი. გახსნილი და საინტერესო თამაში იყო. რაღაც ეპიზოდებში ჩვენ უფრო გაგვიმართლა, ვიდრე მეტოქეს. საბოლოო ჯამში, ალბათ მეტად მოვინდომეთ დღევანდელ შეხვედრაში, რის წყალობითაც გავიმარჯვეთ. დღეს ვაჩვენეთ ის თამაში, რაც გვინდოდა მთელი სეზონის განმავლობაში გვეჩვენებინა.“

ვანო მუმლაძე, GSE: “წლევანდელი სეზონით კმაყოფილი ვართ. დასაწყისში ფინალში გასვლას ვერც წარმოვიდგენდით. ჩვენმა გუნდმა დიდი პროგრესი განიცადა. პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა იყო. ვიგებდით კიდეც, მაგრამ შემდეგ ვეღარ მოვახერხეთ უპირატესობის შენარჩუნება. მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა და ვულოცავთ ტიტულის მოპოვებას.“



  © SBM, 2016-2024