“სტუდენტური დერბი“ ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალში!

ყველა სიახლე
03 ივნისი 2019

“სტუდენტური დერბი“ ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალში!

ორი უნივერსიტეტი, ორი დებიუტანტი გუნდი და ერთმანეთისთვის პრინციპული მეტოქე - 4 ივნისს ფუტსალის ლიგა 2-ის პირველი ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად თბილისისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტები იბრძოლებენ!

ფუტსალის ლიგა 2-მა სტარტი 11 ნოემბერს აიღო და საკმაოდ სანახაობრივი მატჩებით გამოირჩა. რეგულარული სეზონის შემდეგ, თსუ 2 ფინალისთვის ბრძოლაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს დაუპირსპირდა - ერთ შეხვედრაში იმარჯვა, მეორე კი ფრედ დაასრულა და ახლა კიდევ ერთ „საუნივერსიტეტო დერბის“ გამართავს. რაც შეეხება ილიაუნის, მისი მეტოქე პსპ იყო. პირველ ნახევარფინალში მარცხის შემდეგ, წარმატებული საპასუხო შეხვედრა ჩაატარა და „ფარმაცევტებს“ პენალტების სერიაში სძლია.

თსუ 2 vs ილიაუნი / 20:00 საათი

რეგულარული სეზონის პირველ და მეორე ადგილოსან გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებში თსუ 2 ლიდერობს. ორივე მატჩი მათი უპირატესობით (2:1 – 1:0) დასრულდა. გასულ შეხვედრებში ილიაუნის, რამდენიმე მოთამაშის ტრავმის გამო, დანაკლისი ჰქონდა. ფინალისთვის ისინი განაცხადს კვლავ დაუბრუნდნენ, თუმცა გუნდს, ყვითელი ბარათების გამო, გიორგი ახლანძე ვერ დაეხმარება. მათი მეტოქე კი, დასკვნით თამაშში სრული შემადგენლობით იასპარეზებს. საინტერესო ფაქტია, რომ თსუ 2-ს არც ერთ „საუნივერსიტეტო დერბიში“ - UG, კსუ, ილია - წაგება არ აქვს.  შეძლებს ილიაუნი უხერხულ მეტოქესთან მიმდინარე სეზონში ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებას თუ დერბის მოგებული კვლავ უცვლელი დარჩება?!

Sbm.ge მატჩის წინ გუნდების მთავარ მწვრთნელებს გაესაუბრა:

დავით ბობოხიძე, თსუ 2: „ილიაუნი ჩვენთვის პრინციპული მეტოქეა. ფინალისთვის პოზიტიურად ვართ განწყობილები და ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდული ჟინის წყალობით ჩემპიონატის პირველ ტიტულს მოვიპოვებთ. სამი კვირაა ამ შეხვედრისთვის ვემზადებით და მეტოქისთვის გარკვეული სიურპრიზების შეთავაზებას ვაპირებთ. მაყურებელს წინ დაძაბული მატჩი ელის.“

ალიკ სარქისიანი, ილიაუნი: „ჩვენს გუნდს ის მინიმუმი,  რაც სეზონის დასაწყისში ჰქონდა გამიზნული შესრულებული აქვს. ფინალში თამაში უკვე დიდი შედეგია, ამიტომ ბიჭები უფრო თავისუფლად იქნებიან და ლაღად ითამაშებენ. შანსები თანაბრად გვაქვს - მიუხედავად იმისა, რომ თსუ-სთან ორივე შეხვედრაში წავაგეთ. ვფიქრობ, რომ იმ თამაშებში მარცხს არ ვიმსახურებდით, უბრალოდ არ გაგვიმართლა. სულ რამდენიმე ვარჯიშია, რაც გუდს სამი მთავარი ძალა დაუბრუნდა. ერთი მოთამაშე კი ვერ დაგვეხმარება, მაგრამ ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ. ძლიერი მეტოქე გვყავს და თუ გამარჯვება გვინდა ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ.“

ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალის პირდაპირ ეთერში ხილვა მაყურებელს სილკ HD1-ზე შეეძლება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია!



  © SBM, 2016-2024