დავით მუჯირი:"თასის გათამაშების მთლიანი სეზონი დაძაბული გამოვიდა"

ყველა სიახლე
01 ივნისი 2019

დავით მუჯირი:

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სადებიუტო გათამაშების, ფუტსალის ლიგის თასის, ფინალი გაიმართა და ტიტულის მფლობელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა!

თსუ-ს მეტოქე დასკვნით ბრძოლაში თელასი იყო. მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. პირველი ტაიმი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. „ენერგეტიკოსები“ ოცდამეოთხე წუთზე ამირან ცხომარიამ დააწინაურა. გიორგი ჩიმაკაძემ წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხა და გამარჯვებულის ვინაობა „საფხბურთო ლატარეაში“ გაირკვა. თსუ-ს მეკარემ, ალი ასლანმა, ორი პენალტის მოგერიება შეძლო, ლევან კობაიძემ და გიორგი ჭოხონელიძემ კი დარტყმა ზუსტად შეასრულეს და „უნივერსიტეტელები“ ტიტულის მფლობელები გახდნენ. მათ საბოლოოდ მეტოქეს ანგარიშით 3:2 სძლიეს.

ფინალის საუკეთესო მოთამაშედ, თსუ-ს მეკარე, ალი ასლანი დასახელდა. გათამაშების ბომბარდირი კი, 7 გატანილი გოლით ამირან ცხომარია გახდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ამირან ცხომარია, თელასი: „პირველ რიგში, მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვებას ვულოცავ. მათ ეს ჯილდო დაიმსახურეს. ფინალამდე რთული გზა გამოვიარეთ, TMC და პსპ დაძაბულ ბრძოლაში დავამარცხეთ. დღეს კი, ნამდვილად სანახაობრივი თამაში გამოვიდა, თუმცა მეტოქემ პენალტების სერიაში გვძლია. რაც შეეხება თასის გათამაშებას, ძალიან კარგია, რომ სისტემატიური სახე მიეცემა ამ ყველაფერს. რაც მეტი გუნდი ჩაერთვება, ფუტსალის განვითარებას ხელი, მით მეტად შეეწყობა.“

ალი ასლანი, თსუ: „ძალიან ძნელი და კარგი თამაში იყო. თელასს ნაკრების მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს. ფინალისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით. რთული ვარჯიშები გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ გავიმარჯვეთ. გულშემატკივარი ყველა თამაშში გვამხნევებდა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. მიხარია, რომ ფინალის საუკეთესო მოთამაშე გავხდი და მადლობა ორგანიზატორებს ამ ლამაზი ჯილდოსთვის.“

 

დავით მუჯირი, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი: „თასის გათამაშების მთლიანი სეზონი დაძაბული გამოვიდა. ფინალიც სანახაობრივი იყო. ჩვენს ქვეყანაში ამ სპორტისადმი ინტერესი დღითიდღე იზრდება. სხვა ჩემპიონატებს ფუტსალის ლიგა 2-ც დაემატა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თსუ-ს მივულოცო ტიტულის მოპოვება. თელასს კი ფუტსალის ლიგის ფინალურ სერიაში წარმატებებს ვუსურვებ. სასიამოვნო ფაქტია, რომ იმ ფეხბურთელებს, ვინც ეროვნული ნაკრების მოთამაშეებად მოიაზრებიან, აქვთ შესაძლებლობა ამ შეჯიბრებებით ნაკრების თამაშებისთვისაც უკეთ მოემზადონ. მათ ძალიან მნიშვნელოვანი წელი აქვთ, მოგეხსენებათ, შემდგომაზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მორიგი ეტაპი გაიმართება. ასე რომ, ყველა ლიგის გუნდს ვუსურვებ წარმატებებს და მიღწეულ შედეგებს ვულოცავ.“

ფუტსალის ლიგის თასის გათამაშება გულშემატკივარს 2019/20 წ.წ. სეზონზე დაუბრუნდება!



  © SBM, 2016-2024