სუპერლიგის, ვერცხლისა და ბრინჯაოს ლიგაში ნახევარფინალები დაიწყო!

ყველა სიახლე
26 მაისი 2019

სუპერლიგის, ვერცხლისა და ბრინჯაოს ლიგაში ნახევარფინალები დაიწყო!

თბილისის ოლიმპიურმა   სასახლემ   ბიზნესის  ჩემპიონთა  ლიგის  მორიგ სათამაშო დღეს  უმასპინძლა. ფინალის  საგზურისთვის ერთმანეთს სუპერლიგის ბრინჯაოსა და ვერცხლის ლიგის გუნდები გაეჯიბრნენ. ბრინჯაოს ლიგის ½ ფინალური სერიის   პირველ შეხვედრაში McGill GSE-ს დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩი „ენერგეტიკოსების“  უპირატესობით წარიმართა და  საბოლოოდ მათივე  გამარჯვებით ანგარიშით 2:3 დასრულდა.

თანაბარი  შედეგი დაფიქსირდა ICR საქართველოს  ბანკის  მატჩზე,  შეხვედრის პირველი გოლი ICR-ს მოთამაშე ლაშა კალანდაძემ გაიტანა, წონასწორობა  კი მალევე  დავით ცხონდიამ აღადგინა, რის შემდეგაც  შეხვედრაში  გოლი აღარ გასულა.

სუპერლიგის  ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი საქართველოს ფოსტამ  ჩაატარა, რომელიც პსპ-ს დაუპირისპირდა. დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა  ფრედ   1:1 დასრულდა.  თამაშში  ანგარიში „ფარმაცევტების"  ფეხბურთელმა მირიან მირგატიამ  გახსნა, რომელსაც გოლი მალევე ლაშა დონდოლაძემ გაუქვითა.

ვერცხლის ლიგაში 4:1 დასრულდა კრედოსა და  აჭარაბეთს  შორის  გამართული შეხვედრა,  ფინალის  საგზურისთვის  ბრძოლაში „ბანკირები“ დაწინაურდნენ.  სამი გოლით კრედოს  რიგებიდან  ბექა დაბრუნდაშვილი გამოირჩა.

Sbm.ge  გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გოგიტა ჩუბინიძე, GSE: “დაძაბული შეხვედრა იყო. მეტოქესთან თამაშის გამოცდილება წრიული ეტაპიდან გვქონდა და ბოლო შეხვედრა საკმაოდ კომიკური იყო ჩვენთვის - დიდი ანგარიშით ვიგებდით და საბოლოოდ დავმარცხდით. დღეს უფრო მოვინდომეთ. ბოლომდე შევინარჩუნეთ უპირატესობა. ნახევარფინალურ შეხვედრებში დავწინაურდით და ვფიქრობ, დასკვნით ეტაპზეც გავალთ. ლიგაში დებიუტანტები ვართ და ჩვენთვის ფინალში თამაში კარგი შედეგი იქნება.“

ზუკა გარსევანიშვილი, პსპ: "რთული შეხვედრა გამოვიდა ფოსტა ძალიან ძლიერი გუნდია, რასაკვირველია, ეს თამაში ჩვენთვის  სასურველი სცენარის  მიხედვით არ განვითარდა. გუნდში დანაკლისი გვაქვს, მეკარე  გვყავს  ტრავმირებული, რომელიც მალე  დაგვიბრუნდება. იმედი გვაქვს, მოვახერხებთ გამარჯვებას და  ფინალში  გასვლას."

შოთა ფარულავა, საქართველოს ფოსტა: „ფრეს  მიუხედავად თამაში სანახაობრივი გამოდგა. ბევრი კარგი მომენტი იყო. მეტოქე რეგულარული ჩემპიონატის  გამარჯვებულია. იმ ერთადერთ საეჭვო პენალტს თუ არ ჩავთვლით, საბოლოო ჯამში, თამაშმა ნაყოფიერად ჩაიარა და  ვფიქრობ ფრე ლოგიკური შედეგია. შემდეგ მატჩში მიშა თოფურია დაგვემატება, რომელიც დიდი ძალაა ჩვენთვის. დასკვნით შეხვედრაში აუცილებლად მოსაგებად ვითამაშებთ.“

ბექა დაბრუნდაშვილი, კრედო: „ძლიერი მეტოქე გვყავდა. მაქსიმალურად ვცდილობდით,  რომ ყველა მონაკვეთისთვის  გვებრძოლა. ასეც მოხდა და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. მადლობა  მინდა  ვუთხრა  ორგანიზატორებს და  მეტოქეს, რომელიც  ძალიან ძლიერია და დღეს რაღაც კომპონენტებში გვაჯობეს  კიდეც.“

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის  ნახევრფინალური სერიის მატჩები 2 ივნისს განახლდება. 



  © SBM, 2016-2024