არმია და პატრული თასის გათამაშების ნახევარფინალში ითამაშებენ!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის თასის გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპი მიმდინარეობს. ოქროს ლიგის გუნდებს, არმიასა და შემოსავლების სამსახურს შორის გამართულ მატჩში „ძალოვნებმა“ 3:1 იმარჯვეს. არმია პირველივე ტაიმში დაწინაურდა და თამაშის დასრულებამდე უპირატესობა სამამდე გაზარდა. RS-მა დარჩენილ დროში ხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა.
მეოთხედფინალების სასტრატო შეხვედრაში პატრული ნატახტარს დაუპირისპირდა და 2:1 სძლია. ანგარიში მეთორმეტე წუთზე ნატახტარის ფეხბურთელმა გელა ჯინჭარაშვილმა გახსნა. „ძალოვნების“ მხრიდან მიღებულ გოლს დუბლით თამაზ მუზაშვილმა უპასუხა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
თენგიზ კარანაძე, არმია: „ორივე გუნდმა ვიბძოლეთ. კარგი თამაში იყო. ჩვენთვის ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილი გვქონდა. მეტოქეს უკეთესი ფიზიკური კონდიციების ხარჯზე მოვუგეთ. ნახევარფინალში გასვლა ძალიან გაგვიხარდა და შემდეგი ეტაპისთვის კარგად მოვემზადებით.“
თამაზ მუზაშვილი, პატრული: „დაძაბული მატჩი გამოვიდა. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, ჩაკეტილი თამაში იყო, მაგრამ შემდეგ საჭირო დროს გავიტანეთ გოლები და უპირატესობის შენარჩუნება ბოლომდე მოვახერხეთ. მოწინააღმდეგე გუნდი კარგად გამოიყურებოდა. ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაში მათ სისწრაფით ვაჯობეთ.“
დღის ბოლომდე ორივე გუნდის ნახევარფინალური მეტოქე ცნობილი გახდება. პატრული საქართველოს ფოსტასა და TTC-ს შორის გამარჯვებულს, არმია კი გლდანისა და აჭარაბეთის მოგებულს შეხვდება.