ვის ვიხილავთ ფუტსალის ლიგის თასის ფინალში?!

ყველა სიახლე
16 მაისი 2019

ვის ვიხილავთ ფუტსალის ლიგის თასის ფინალში?!

თბილისის ოლიმპიური სასახლე 17 მაისს ფუტსალის ლიგის თასის ნახევარფინალურ შეხვედრებს უმასპინძლებს. მონაწილეებს ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებთ და ორივე მატჩში გათამაშების მთავარი ხიბლი შენარჩუნებული იქნება, ვინაიდან მეტოქეები უმაღლესისა და ფუტსალის ლიგა 2-ის გუნდები არიან. ილიაუნი, თსუ, თელასი და პსპ საკმაოდ კარგ სეზონს ატარებენ, რის გამოც მაყურებელი დაძაბულ და სანახაობრივ ნახევარფინალებს ელის.

19:00 საათი / ილიაუნი vs თსუ

„საუნივერსიტეტო დერბი“ ილიაუნისა და თსუ-ს შორის პირველად არ იმართება, თუმცა ამჯერად ილიას მეტოქე უმაღლესში მოასპარეზე გუნდი იქნება. ილიაუნი ამ შეხვედრას დანაკლისით ხვდება - ორ მოთამაშეს, პაატა ლეჟავასა და ერეკლე ლომიძეს ტრავმის გამო გუნდის დახმარება არ შეუძლიათ. რაც შეეხება თსუ-ს, ისინი მატჩზე სრული შემადგენლობით იქნებიან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე უნივერსიტეტის მთავარი პრიორიტეტი ძირითად ლიგაში ასპარეზობაა, ისინი ხვალინდელ შეხვედრაში ძალებს არ დაზოგავენ.

21:00 საათი / თელასი vs პსპ

ფუტსალის უმაღლესი ლიგის რეგულარული სეზონის გამარჯვებული თელასი თასის გათამაშების ფინალისთვის ფუტსალის ლიგა 2-ის გუნდ პსპ-სთან იბრძოლებს. ისინი ერთმანეთს პირველად ხვდებიან და აღსანიშნავია, რომ თავიანთ ლიგაში ორივე მათგანი გამორჩეული ფიგურაა. „ფარმაცევტები“ ნახევარფინალში ილიაუნისთან მარცხის შემდეგ ჩემპიონატს გამოეთიშნენ და ახლა მათი ძალები თასისკენ იქნება მიმართული. რაც შეეხებათ „ენერგეტიკოსებს“ მათ ფუტსალის ლიგის ფინალის საგზური მინიმალურ დროში მოიპოვეს და მეტოქის მოლოდინში არიან. მანამდე კი, თასის თამაშები მათთვის კარგი შესაძლებლობაა, რათა გუნდი მთავარი ბრძოლისთვის უკეთ მოემზადოს.

ფუტსალის ლიგის თასის ნახევარფინალური შეხვედრების პირდაპირ ეთერში ხილვა მაყურებელს sbm.ge-ზე შეეძლება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია!



  © SBM, 2016-2024