ფინალში თსუ 2-ის მეტოქე ილიაუნი იქნება!

ყველა სიახლე
10 მაისი 2019

ფინალში თსუ 2-ის მეტოქე ილიაუნი იქნება!

ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია. მაყურებელი ჩემპიონატის ფინალში „საუნივერსიტეტო დერბის“ იხილავს, სადაც ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები ილიაუნი და თსუ 2 დაუპირისპირდებიან.

ნახევარფინალების დასკვნით მატჩში ილიაუნი პსპ-ს შეხვდა. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. „ფარმაცევტებმა“ მეთერთმეტე წუთზე უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ მატჩის დასრულებამდე ილიაუნიმ ორი უპასუხო გოლის გატანა შეძლო და პსპ-ს 2:1 სძლია. პირველ ნახევარფინალში „უნივერსიტეტელების“ მარცხის გამო (3:2) ფინალისტის ვინაობა „საფეხბურთო ლატარეაში“ გამოვლინდა. სამ-სამი ცდის შემდეგ კიდევ ერთი დამატებითი დარტყმა გახდა საჭირო. ილიაუნის მეკარემ, გურამ ჯიჯელვამ,  გადამწყვეტი ექვსმეტრიანის მოგერიება შეძლო, პენალტებში ანგარიში 4:3 გახდა და ილიაუნი ფინალში გავიდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ემუხვარი, პსპ: „მატჩის პირველივე ტაიმში უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ შემდეგ მისი შენარჩუნება ვერ შევძელით. ილიაუნის ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. ჩვენზე მეტი იბრძოლეს ალბათ და ეს შედეგიც ამიტომ დაფიქსირდა. ძალიან მოტივირებულები იყვნენ. თამაშში გარდამტეხი მომენტი პირველი მიღებული გოლი იყო, რომლის შემდეგაც გადაწყობა ვერ შევძელით და კონტროლი დავკარგეთ. მოწინააღმდეგე გუნდმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც საჭირო იყო. ბოლოს საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ყველაფერი უკვე იღბალზეა დამოკიდებული.“

პეტრე წულუკიძე, ილიაუნის მენეჯერი: „ჩვენი ნახევარფინალური წყვლი ძალიან საინტერესო გამოვიდა. პირველ მატჩში ძალიან ცოტა დაგვაკლდა და მეტოქემ გვაჯობა. ჩვენი ძალები რეალურად შეფასებული არ გვქონდა. დღევანდელ შეხვედრაში კი დავამტკიცეთ, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდი ვართ. ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს ტრავმა ჰქონდა, მეორე კი თამაშისას დაშავდა, რამაც ხელი შეგვიშალა, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც მივაღწიეთ. ფინალში საკმაოდ უხერხულ მეტოქეს ვხვდებით. თსუ 2-თან მოგება არ გვაქვს, მაგრამ წრიული ეტაპის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ვფიქრობ, რომ ტიტულის მოსაპოვებლად ღირსეულად ვიასპარეზებთ.“

31 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის ჩემპიონი ილიაუნსა და თსუ 2-ს შორის  გამოვლინდება.



  © SBM, 2016-2024