პსპ-მ პლეი-ოფში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო!

ყველა სიახლე
03 მაისი 2019

პსპ-მ პლეი-ოფში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო!

ფუტსალის ლიგა 2-ს ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრები ილიაუნისა და პსპ-ს დაპირისპირებით დასრულდა. დაძაბულ მატჩში „ფარმცევტებმა“ 3:2 იმარჯვეს. "უნივერსიტეტელებმა" თამაშის განმავლობაში ორჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ნიკოლოზ კურტანიძემ ოცდამეთექვსმეტე წუთზე დუბლი გაიფორმა და გუნდს გამარჯვებაც მოუტანა. ამ შედეგით პსპ ფინალისთვის ბრძოლაში დაწინაურდა. მეორე შეხვედრაში მათ ფრეც ხელს აძლევთ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ომარ ასაშვილი, ილიაუნი: „ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა. ისეთი დაძაბული თამაში გამოვიდა, როგორსაც ველოდით. ვიბრძოლეთ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. პსპ-მ ალბათ უფრო გამოცდილებით გვაჯობა. დიდი ხნის გუნდია და კარგად შეთამაშებულები არიან. ჩვენ კი, დებიუტანტები ვართ ფუტსალში. მეორე მატჩში ორმაგი პასუხისმგებლობა და მობილიზება გვმართებს. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ფინალში ვითამაშოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“

ნიკოლოზ კურტანიძე, პსპ: „რეგულარულ სეზონზე ილიაუნისთან ორი შეხვედრა ჩავატარეთ - ერთი ფრედ დასრულდა, მეორეში კი დავმარცხდით. ასე რომ, მეტოქე კარგად გვყავდა შეფასებული. ვფიქრობ, დღეს მეტად მოტივირებულები ვიყავით და ეს დაგვეხმარა გამრჯვებში. მეორე ტაიმში ილიამ ძალიან მოუმატა და საკმაოდ გაგვიჭირდა ამ შედეგის მიღწევა. ზოგადად, ჩვენი წყვილის დაპირისპირება ყოველთვის სანახაობრიობით გამოირჩევა და ლამაზი გოლებიც გადის. მეორე თამაშშიც ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მობილიზებულები გამოვიდეთ, მოწინააღმდეგეს კარგი ფეხბურთი შევთავაზოთ და ფინალშიც გავიდეთ.“

ფუტსალის ლიგა 2-ს მეორე ნახევარფინალური შეხვედრები 10 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და ფინალში გამსვლელი გუნდების ვინაობაც გაირკვევა.



  © SBM, 2016-2024