ფუტსალის ლიგაში ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრები გაიმართება!

ყველა სიახლე
02 მაისი 2019

ფუტსალის ლიგაში ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრები გაიმართება!

3 და 4 მაისს, თბილისსა და ქუთაისში, ფუტსალის ლიგის 2018/2019 წ.წ სეზონის, ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩები გაიმართება.

გუნდები გასულ კვირას უკვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და შესაბამისად, მეტოქეებიც შეფასებულია. საინტერესოა, პირველი მარცხის შემდეგ  მოქმედი ჩემპიონი TMC თბილისი და პლეი-ოფში დებიუტანტი ქუთაისის მართვე როგორ განაგრძობენ ასპარეზობას. მათ მოწინააღმდეგეებს, თელასსა და თსუ-ს შანსი ეძლევათ, რომ ფინალს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ.

თბილისის ოლიმპიურ და ქუთაისის სპორტის სასახლეში დაძაბული ნახევარფინალური სერიები გაგრძელდება.

3 მაისი / 19:00 საათი / თბილისის ოლიმპიური სასახლე / თსუ vs TMC თბილისი

პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „უნივერსიტეტელებმა“ TMC-ს დამარცხება მძიმე ბრძოლაში მოახერხეს (2:1). თამაშის ბედი თსუ-მ დამატებით დროში გადაწყვიტა. „მედიკოსებს“ გამართულ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო კაპიტანი, ვახტანგ კეკელია აკლდათ, რომელიც ამჯერად გუნდის დახმარებას შეძლებს. TMC თბილისს, ტრამვით გამოწვეული რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, დიდი ალბათობით, მეკარე, თორნიკე ბუკიაც დაუბრუნდება. თსუ-ს რიგებიდან კი, შოთა ჭანუყვაძემ ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლა და უახლოეს შეხვედრაში განაცხადში ისიც იქნება.

4 მაისი / 15:00 საათი / ქუთაისის სპორტის სასახლე / მართვე (ქუთაისი) vs თელასი

25 აპრილს გამართულ დაპირისპირებაში თელასმა „მართვე“ დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა (5:0). მატჩის შემდეგ ორივე გუნდმა ახსენა, რომ ქუთაისში მაყურებელი სულ სხვა თამაშს იხილავს და ადგილობრივი გულშემატკივრების მიერ შექმნილი ატმოსფერო წარმართულ სცენარზე დიდ გავლენას მოახდენს. „ენერგეტიკოსები“ მიმდინარე სეზონში ძალიან კარგად გამოიყურებიან, თუმცა მეტოქე გუნდსაც დასკვნით ეტაპზე გადასასვლელად არანაკლები მოტივაცია და  ამბიციები გააჩნია.

3 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტს ფუტსალის ლიგა 2-ს ნახევარფინალებიც აიღებს. 17:00 საათზე „სტუდენტურ დერბიში“ რეგულარული სეზონის გამარჯვებული თსუ 2 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს გაეჯიბრება. 21:00 საათზე კი ილიაუნისა და პსპ-ს შეხვედრა გაიმართება. შეგახსნებეთ, რომ ფინალში გამსვლელი გუნდების ვინაობა ორმატჩიანი დაპირისპირების შემდეგ გაირკვევა.

თბილისსა და ქუთაისში გასამართი მატჩების პირდაპირ ეთერში ხილვა მაყურებელს  sbm.ge-ზე შეეძლება. თამაშებზე გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია!



  © SBM, 2016-2024