არმია და RS ოქროს ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ!

ყველა სიახლე
21 აპრილი 2019

არმია და RS ოქროს ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ!

ოქროს  ლიგის  ფინალისტები ცნობილია, ჩემპიონობისთვის  არმია და RS იბრძოლებენ. ½ ფინალურ დაპირისპირებაში  არმიამ ბაქსვუდი  დაძაბულ ბრძოლაში  მინიმალური ანგარიშის სხვაობით 2:1 დაამარცხა.  შეხვედრაში  ანგარიში ბაქსვუდის  მოთამაშე მწვრთნელმა  ალიკ სარქისიანმა გახსნა, მალევე  წონასწორობა  შორეული, თუმცა  ზუსტი დარტყმით ნიკოლოზ უგრეხელიძემ აღადგინა.  საკუთარ გუნდს კი გამარჯვების  გოლი მინდია კოპალეიშვილმა მოუტანა. 

მეორე  ფინალისტი 7 მეტრიანი დარტყმების სერიაში გამოვლინდა. ვერცხლის ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა RS-მა ოქროს ლიგის ჩემპიონი პატრული გათამაშებიდან გამოაგდო.

შეხვედრის  ძირითადი დრო პატრულსა და RS-ს შორის ამ უკანასკნელის გამარჯვებით 5:2 დასრულდა. ვინაიდან  პატრულს ½ ფინალური ეტაპის პირველი მატჩი მოგებული ჰქონდა საჭირო 7 მეტრიანი დარტყმების დანიშვნა გახდა. პენალტების სერიაც RS-მა ანგარიშით  4:3 მოიგო.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ნიკოლოზ ბულუსკირია, ბაქსვუდი: „ძალიან გაგვიჭირდა ნახევარფინალამდე  მოსვლა  და  მარტივი გზა არ გამოგვივლია. თავიდან ვფლობდით სათამაშო უპირატესობას, თუმცა  ვერ მოვახერხეთ შეხვედრის მოგება. ვთვლი, რამდენიმე მომენტში არ გაგვიმართლა. სამწუხაროა, რომ ფინალში  ვერ გავედით. არმიას კი წარმატებას ვუსურვებ.“

ირაკლი ლატარია, არმია: „სასიხარულოა, რომ ფინალში გავედით. ეს ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პირველ ნახევარში  მეტოქემ მოახერხა და  გოლი გაიტანა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ გოლმა ფსიქოლოგიურად არ გაგვტეხა.  მალევე მოვახერხეთ  წონასწორობის აღდგენა, შემდეგ კი წინ გასვლა. ვთვლი, რომ ფიზიკური მომზადების ხარჯზე დავჯაბნეთ მოწინააღმდეგე. ფინალში ჩვენი მეტოქე ვინც არ უნდა  იყოს,  არ აქვს  მნიშვნელობა, რადგან ორივე  ძლიერი და  გამოცდილი გუნდია. როგორც  დღევანდელ შეხვედრაში  ველოდებოდით ურთულეს დაპირიპირებას, ანალოგიურად  ველოდებით ფინალშიც. 

ოქროს  ლიგის  ფინალი 2 ივნისს გაიმართება!

 



  © SBM, 2016-2024