ოქროს ლიგის ნახევარფინალები!

ყველა სიახლე
14 აპრილი 2019

ოქროს ლიგის ნახევარფინალები!

ოქროს ლიგაში ნახევარფინალური შეხვედრების პირველი  სერია გაიმართა. დასკვნით მატჩში ბაქსვუდისა და არმიის სანახაობრივი დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. ლადო ასათიანმა ბაქსვუდის დაწინაურება მეორე ტაიმში შეძლო, თუმცა მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ირაკლი ცომაიამ წონასწორობა აღადგინა.

სასტარტო შეხვედრა შემოსავლების სამსახურსა და პატრულს შორის შედგა. „ძალოვნებმა“ RS-თან კარი მშრალად შეინახეს და მეტოქეს დამაჯერებელი უპირატესობით 3:0 სძლიეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ორი გატანილი გოლით რევაზ ინჯგია გამოირჩა.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

თემურ რაქვიაშვილი, პატრულის მთავარი მწვრთნელი: „ტრავმების გამო  მატჩისთვის მომზადებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეგვექმნა. მთავარი დავალება იყო, რომ მოწინააღმდეგესთან მჭიდროდ გვეთამაშა და თავისი ფეხბურთის თამაშის უფლება არ მიგვეცა. ბიჭებმა შეასრულეს მითითებები და ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ. მეორე შეხვედრას უპირატესობით ვხვდებით. RS ეცდება წონასწორობა აღადგინოს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება მალე მოვიპოვოთ ფინალის საგზური.“

ალექსანდრე ვაშაკიძე, ბაქსვუდი: „ძალიან რთული თამაში იყო. წელს რეგულარულ სეზონზე არმიასთან ორივე შეხვედრაში დავმარცხდით. მეტოქე ტაქტიკურად და ფიზიკურადაც მომზადებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშით ჩვენ ვლიდერობდით, მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობა არმიას ჰქონდა, ამიტომ ბოლომდე ვერ მოვახერხეთ მისი შენარჩუნება. ერთი კონტრშეტევა გამოგვეპარა, რის გამოც დავისაჯეთ. ყველაფერი მეორე თამაშში გადაწყდება. ვეცდებით ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ.“

ოქროს ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრებს თბილისის ოლიმპიური სასახლე 21 აპრილს უმასპინძლებს.



  © SBM, 2016-2024