აჭარაბეთი, კროკობეთი და კრედო ნახევარფინალისთვის ბრძოლაში დაწინაურდნენ!

ყველა სიახლე
07 აპრილი 2019

აჭარაბეთი, კროკობეთი და კრედო ნახევარფინალისთვის ბრძოლაში დაწინაურდნენ!

ვერცხლის ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრების პირველი ეტაპი აჭარაბეთისა და ენერგო-პროს დაპირისპირებით დასრულდა. „ბუკმეიკერებმა“ მატჩის დასაწყისშივე მოპოვებული უპირატესობა მხოლოდ თოთხმეტი წუთით დათმეს და საბოლოოდ 3:1 იმარჯვეს.

მეოთხედფინალური ეტაპის სხვა შეხვედრაში კროკობეთი ავერსს დაუპირისპირდა და სანახაობრივ მატჩში 2:0 იმარჯვა. პირველმა ტაიმმა გატანილი გოლის გარეშე ჩაიარა. ოცდამეათე წუთზე გიორგი ბერბიჭაშვილმა ანგარიში გახსნა. ტაიმის მიწურულს კი ლევან კოპალიანმა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

„ბანკირების დერბიში“ კრედომ ლიბერთის 3:1 სძლია. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლით ლევან გამხიტაშვილი გამოირჩა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ანზორ ნადირაძე, ავერსი: „პირველ ტაიმში ბევრი გამოუყენებელი მომენტი გვქონდა. საფეხბურთო ფორტუნამ ზურგი გვაქცია. დაუწერელი კანონია - ვერ გაიტან, გაგიტანენ და ასეც მოხდა. მეტოქეს ვულოცავ გამარჯვებას. წინ კიდევ ერთი შეხვედრაა. ვაპირებთ უფრო აგრესიული თამაში ვაჩვენოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.“

ლევან კოპალიანი, კროკობეთი:“რთული თამაში იყო. ბოლომდე ვიყავით ჩართულები და ამან შედეგი გამოიღო. პირველი გოლის შემდეგ უფრო დავლაგდით, ტაქტიკურად გამართული თამაში შევთავაზეთ მეტოქეს. კონტრშეტევებზე გავაკეთეთ აქცენტი და გავიმარჯვეთ კიდეც. ავერსმა ბრწყინვალე თამაში გვაჩვენა. მეორე შეხვედრისთვის არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ. ისევ ვიბრძოლებთ და ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრი გამორიცხულია.“

ვერცხლის ლიგის მეოთხედფინალების განმეორებითი შეხვედრები 12 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024