ოქროს ლიგის პლეი-ოფი: არმია vs ბაქსვუდი - RS vs პატრული!
ყველა სიახლეოქროს ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის რეგულარული სეზონი არმიისა და ბაქსვუდის დაპირისპირებით დასრულდა. „ძალოსნებმა“ აღნიშნულ შეხვედრაში 3:1 იმარჯვეს და წრიული ეტაპის ბოლოს სატურნირო ცხრილის სათავეში გადაინაცვლეს. დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში ბაქსვუდმა გახნსა, მაგრამ არმიამ წონასწორობა მალევე აღადგინა და მატჩის დამთავრებამდე ორბურთიანი უპირატესობაც მოიპოვა.
მეათე ტურის სხვა შეხვედრაში SSPS პატრულს დაუპირისპირდა და 3:2 სძლია. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან თავი ორი გატანილი გოლით დავით იობიძემ გამოიჩინა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი მესხი, ბაქსვუდი: „დღეს არმია შესანიშნავად გამოიყურებოდა. რაღაც მომენტებში ჩვენზე მეტად გაუმართლათ და ალბათ ამიტომ დავმარცხდით. ნახევარფინალური შეხვედრები, ვფიქრობ, უფრო დაძაბული იქნება. ყველა გუნდი, რომელიც მომდევნო ეტაპზე გადავიდა, ერთმანეთზე ძლიერია და შესაბამისად სასურველ მეტოქეს ვერ გამოვარჩევდი. ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით, რათა ფინალში თამაშის უფლება მოვიპოვოთ.“
გიგა ბერაია, არმია: „ბაქსვუდი საკმაოდ ძლიერი გუნდია. კარგი მწვრთნელი ჰყავს და სწორად ათამაშებს გუნდს. დღევანდელ შეხვედრაში უკეთესი ფიზიკური კონდიციის ხარჯზე მოვიგეთ. ნახევარფინალშიც მათ ვუპირისპირდებით. ჩვენთვის უხერხული მეტოქეა, მაგრამ წრიულ ეტაპზე ორივე შეხვედრაში ვიმარჯვეთ და ვფიქრობ, პლეი-ოფშიც წარმატებით ვიასპარეზებთ.“
დღევანდელი ტურის შემდეგ ოქროს ლიგაში ნახევარფინალური წყვილების ვინაობა ცნობილი გახდა. პლეი-ოფში გულშემატკივარი არმია ბაქსვუდისა და RS პატრულის დაპირისპირებას იხილავს. ფინალში გასასვლელად გუნდები ორ-ორ მატჩს გამართავენ. შეხვედრების პირველ სერიას თბილისის ოლიმპიური სასახლე 14 აპრილს უმასპინძლებს.