"მედიკოსებმა" პირველ ადგილზე გასვლის თეორიული შანსი შეინარჩუნეს!

ყველა სიახლე
22 მარტი 2019

ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის რეგულარული ეტაპი TMC თბილისმა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაპირისპირებით დაასრულა. დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში „მედიკოსებმა” 2:0 იმარჯვეს. პირველი ტაიმის დამთავრებამდე ორი წუთით ადრე ანგარიში მალხაზ მურცხვალაძემ გახსნა. “უნივერსიტეტელებისთვის“ მატჩის ბედი ოცადამეცამეტე წუთზე TMC თბილისის კარში დანიშნულმა პენალტმა გადაწყვიტა, რომელიც ალექსანდრე ჩლაიძემ დამაჯერებლად მოიგერია. დარჩენილ დროში გიორგი სილაგავამ უპირატესობის ორამდე გაზრდა მოახერხა.

მოპოვებული სამი ქულით „ენერგეტიკოსები“ სატურნირო ცხრილში გალიდერდნენ, თუმცა მის კონკურენტ თელასს თსუ-სთან გამოტოვებული მატჩი ჯერ წინ აქვს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით ბობოხიძე, თსუ-ს მთავარი მწვრთნელი: „ვინაიდან, მოქმედ ჩემპიონებს ვეთამაშებოდით, ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით. TMC თბილისი ჩვენთვის პრინციპული მეტოქეა. ოთხმოცდაათი პროცენტით ნახევარფინალში სწორედ მათთან მოგვიწევს შეხვედრა. ორივე გუნდმა ბოლომდე არ გამოვაჩინეთ ჩვენი თამაში. წინ თელასთან გამოტოვებული მატჩია და ჩვენ მოსაგებად გავალთ. ნახევარფინალში სასურველი მეტოქის შესარჩევად არც ერთი მატჩი არ ჩაგვიტარებია ნაკლები მოტივაციით  და ჩვენი თამაშის ხარისხის შესაფერისად დავწყვილდებით პლეი-ოფშიც.“

ალექსანდრე ძაბირაძე, TMC თბილისის მთავარი მწვრთნელი: „მიუხედავად შედეგისა, თამაშის ბოლომდე გაურკვეველი იყო თუ ვინ მოიგებდა ამ შეხვედრას. ბოლო წუთამდე ვიბრძოლეთ. უნდა გამოვყო ჩვენი მეკარე, რომელმაც ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და ამასთანავე სხვა მოთამაშეების თავდადებაც დასაფასებელია. პლეი-ოფში, სავარაუდოდ, თსუ-ს შევხვდებით და დღეს დავრწმუნდით, რომ სერიოზული დაპირისპირება გველის წინ. მეტოქე გუნდში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს, ახალგაზრდები არიან და კარგად უნდა მოვემზადოთ. ჩვენი გუნდის მთავარი მინუსი ის არის, რომ არ გვყავს საკმარისი რაოდენობის სათადარიგო ფეხბურთელები. ნახევარფინალებისთვის ვეცდებით, რომ ფიზიკური კონდიციები დავხვეწოთ და შეძლებისდაგვარად ძალები მაქსიმალურად გადავანაწილოთ გუნდის ყველა წევრზე.“

24 მარტს მეთოთხმეტე ტურის დასკვნითი შეხვედრა ქუთაისის სპორტის სასახლეში შედგება. ადგილობრივი მართვე და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პლეი-ოფში გასასვლელად გადამწყვეტ ბრძოლას გამართავენ.



  © SBM, 2016-2024