ფუტსალის ლიგა | XIII ტურის წინ!
ყველა სიახლექუთაისის მართვე, ბსუ, თბილისი და ივერია 2017 მეთორმეტე ტურის შემდეგ კვლავ მეოთხე ადგილისთვის განაგრძობენ ბრძოლას. ჯერ-ჯერობით ეს პოზიცია „ქუთათურებს“ აქვთ დაკავებული, მაგრამ უშუალო მეტოქეებს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ. გათამაშების ლიდერებმა გასულ მატჩებში პოზიციები გაიმყარეს და მათთან ერთად პლეი-ოფში გამსვლელ გუნდს ელიან. მეცამეტე ტურის შეხვედრებს თბილისის ოლიმპიური სასახლე 15 მარტს უმასპინძლებს.
19:00 საათი / ივერია 2017 VS TMC თბილისი
თსუ-სთან მარცხის შემდეგ, ივერია 2017 ბოლო ადგილზე ჩამოქვეითდა. თუკი იგი მეორეადგილოსან TMC თბილისთან გამარჯვების მოპოვებას შეძლებს სამმატჩიან მოუგებელ სერიას დაასრულდებს, მაგრამ შეხვედრის ერთპიროვნული ფავორიტები „მედიკოსები“ არიან და მათთან ქულის მოპოვება მეტოქეს ძალიან გაუჭირდება. ბოლო შეხვედრაში მოქმედ ჩემპიონს ბსუ-ს დამარცხება გაუძნლდა, რამაც მათი მთავარი მწვრთნელის იმედგაცრუება გამოიწვია - გუნდი სუსტად გამოიყურებოდა. TMC თბილისის ფეხბურთელები ეცდებიან თავიანთი მაქსიმუმი გამოავლინონ და მინიმალური დანაკარგით დაასრულონ ჩემპიონატის მიმდინარე ეტაპი.
21:00 საათი / თბილისი VS ბსუ
რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორი ტურის წინ ორივე გუნდს თანაბარი შანსები აქვს პლეი-ოფში მოსახვედრად და შესაბამისად, მათი დაპირისპირების შედეგი დიდ გავლენას იქონიებს საბოლოო ოთხეულის ჩამოყალიბებაში. თბილისის რიგებიდან ნუკრი წოწკოლაური სამი ყვითელი ბარათის გამო აღნიშნულ მატჩს გამოტოვებს. ბსუ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ბაჩანა აბაშიძემ, TMC თბილისთან მატჩის შემდეგ თქვა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა მთლიანად მათ თამაშზეა დამოკიდებული, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. მეორეს მხრივ, თბილისს, ქუთაისის მართვესთან მოპოვებული გამარჯვების შემდგომ, საბრძოლო მოტივაცია კიდევ უფრო გაეზარდა. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა „უნივერსიტეტელების“ გამარჯვებით 5:0 დასრულდა. პარასკევს რომელიმე მათგანი მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს დასახული მიზნის მისაღწევად.
თბილისისა და ბსუ-ს დაპირისპირების პირდაპირ ეთერში ხილვა მაყურებელს სილკ HD 1-ზე, ტურის პირველი შეხვედრის კი sbm.ge-ზე შეეძლება. თამაშებზე გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია!