ვერცხლის ლიგის 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია!
ყველა სიახლევერცხლის ლიგის რეგულარული სეზონი ლიბერთი ბანკისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაპირისპირებით დასრულდა. უხვგოლიან და დაძაბულ შეხვედრაში გუნდებმა ქულები გაიყვეს - 6:6. ორ-ორი გოლია „ბანკირების“ რიგებიდან გიორგი ვეშაგურისა და თორნიკე წინწკალაძის ანგარიშზე. სფფ-ს მოთამაშე გიორგი რევაზიშვილმა კი ჰეთრიკი გაიფორმა.
დღეს ასევე კრედო კროკობეთს დაუპირისპირდა და 4:2 სძლია. ენერგო-პროსა და ევროპაბეთს შორის გამართული მატჩი 3:1 „ბუკმეიკერთა“ უპირატესობით დასრულდა
ამ შეხვედრების შემდეგ ვერცხლის ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება: აჭარაბეთი - ენერგო-პრო; კროკობეთი - ავერსი; ევროპაბეთი - სფფ; ლიბერთი ბანკი - კრედო. მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა ორმატჩიანი სერიის შემდეგ გაირკვევა.
ვერცხლის ლიგის სატურნირო ცხრილში დაკავებული პირველი და მეორე პოზიციების გათვალისწინებით ლიგის თასზე თამაშის უფლება აჭარაბეთმა და კროკობეთმა მოიპოვეს.
ოქროს ლიგის მეექვსე ტურში პატრულმა ქულები ბაქსვუდთან დაკარგა. გამარჯვებული გუნდიდან დუბლით თავი გიორგი ახლანძემ გამოიჩინა. შეხვედრის საბოლოო ანგარიშად 4:1 დაფიქსირდა. მიუხედავად ზედიზედ დაკარგული ქულებისა, პატრული სატურნირო ცხრილში მაინც პირველ ადგილს ინარჩუნებს.