ვარსკვლავების ჯახი სუპერლიგის მეშვიდე ტურში!
ყველა სიახლეკახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, კახაბერ ალადაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლაშა სალუქვაძე, გივი კვარაცხელია, ალექსანდრე ამისულაშვილი - სწორედ ასე გამოიყურებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და გლდანის გუნდების შემადგენლობა, რომლებიც ერთმანეთს სუპერლიგის შევიდე ტურის შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. დაძაბული და საინტერესო მატჩი საბოლოოდ 6:3 სფფ-ს გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან გივი კვარაცხელიამ და ალექსანდრე იაშვილმა დუბლი გაიფორმეს. გლდანის შემადგენლობაში კი დუბლით კახაბერ ალადაშვილი გამოირჩა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ოთარ მარცვალაძე, გლდანი: „დაძაბული და რთული თამაში იყო. სფფ-ს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, მოთამაშეებს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით. ჩვენც გვქონდა შანსები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეტოქე ერთ-ერთი საუკეთესოა მიმდინარე ჩემპიონატში. მიხარია, რომ საქართველოში ასეთი საინტერესო ჩემპიონატები იმართება. სამოყვარულო დონეზე თამაშის ასეთი ხარისხი ნიშნავს, რომ ფეხბურთი ვითარდება.“
ალექსანდრე იაშვილი, სფფ: „მიხარია, რომ ჩემპიონატს ასეთი გუნდი დაემატა. ჩვენ ერთად ვთამაშოდით ნაკრებში და მათთან ერთად ისევ მოედანზე ყოფნა კარგია, თუნდაც მეტოქის სახით. საინტერესო შეხვედრა იყო, თამაშისგან სიამოვნება მივიღეთ და გავიმარჯვეთ კიდეც. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა დაკავდეს სპორტით და ჯანსაღი ცხოვრებით, მით უმეტეს, როცა არსებული ჩემპიონატები იძლევა ამის საშუალებას.“
ტურის სხვა შეხვედრებში ნატახტარმა ტვ იმედს 3:2 სძლია, TTC-მ კი ვითიბი 2:1 დაამარცხა.
რაც შეეხება სუპერლიგის მეოთხედფინალურ წყვილებს, მათი ვინაობა ორი გადადებული მატჩის შემდეგ გაირკვევა, სადაც ერთმანეთს პსპ - საქართველოს ფოსტა და ნატახტარი - VTB დაუპირისპირდებიან.