აჭარაბეთი ვერცხლის ლიგაში პირველია!
ყველა სიახლევერცხლის ლიგაში რეგულარული სეზონის დასკვნითი მეშვიდე ტური მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც პლეი-ოფის წყვილების ვინაობა ცნობილი გახდება. სასტარტო შეხვედრაში ერთმანეთს აჭარაბეთი და ავერსი დაუპირისპირდა. გუნდებმა პირველ ოც წუთში მხოლოდ სახიფათო მომენტები გაცვალეს და მეორე ნახევარს ფრედ 0:0 შეხვდნენ. ოცდამეთოთხმეტე წუთზე გიორგი თამაზაშვილმა ერთადერთი გოლი გაიტანა, რითაც აჭარაბეთს გამარჯვება მოუტანა. მატჩი 1:0 დასრულდა და „ბუკმეიკერებმა“ ამ შედეგით ცხრილში პირველობა გაინაღდეს.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
კობა სებუა, ავერსი: „რთული შეხვედრა იყო. მადლობა პირველ რიგში მოწინააღმდეგეს. შარშანდელთან შედარებით რეგულარული სეზონი რთულად ჩავამთავრეთ. მთელი პლეი-ოფი წინაა და უკეთ მოვემზადებით. დღეს ნამდვილად ღირსეული მეტოქე გვყავდა. ვერცხლის ლიგაში აჭარაბეთი დებიუტანტია. ადრეც შევხვედრივართ მათ, მაგრამ ახლა გუნდი სახეცვლილია. ჩვენც გვქონდა საკმაოდ ბევრი მომენტი, თუმცა ფეხბურთია და ასეც ხდება.“
გიორგი თამაზაშვილი, აჭარაბეთი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. სამი ქულის მოპოვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილში ჯგუფური ეტაპის შემდეგ ლიდერის პოზიციას შევინარჩუნებდით. ამის გამო პირველ ტაიმში ცოტა ვღელავდით და ეს თამაშს დაეტყო. შემდეგ უკვე დავწყნარდით და მიზანი სისრულეში მოვიყვანეთ. ავერსს ძლიერი გუნდი ჰყავს, წარმატებებს ვუსურვებთ ჩემპიონატის მომავალ ეტაპზე.“
დღეს გაიმართება ვერცხლის ლიგის მეშვიდე ტურის სხვა შეხვედრებიც - კროკობეთი კრედოს და ენერგო-პრო ევროპაბეთს დაუპირისპირდება. დასკვნით მატჩში კი ლიბერთი ბანკი საქართელოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდს გაეჯიბრება.