ფუტსალის ლიგა | თსუ-მ მორიგი ქულები მოიპოვა!

ყველა სიახლე
08 მარტი 2019

ფუტსალის ლიგა | თსუ-მ მორიგი ქულები მოიპოვა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის მეთორმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა. თსუ-მ ივერია 2017-ს უმასპინძლა და 3:0 მოუგო. „უნივერსიტეტელებმა“ ლაშა სიგუნავას გოლით პირველივე წუთებიდან მოიპოვეს უპირატესობა. მეორე ტაიმის ორწუთიან ინტერვალში  კი ლევან კობაიძემ და გიორგი ჩიმაკაძემ სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდეს.

დღეს ასევე სტარტი აიღო ფუტსალის ლიგა 2-ს მერვე ტურმა, სადაც ილიაუნი საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდა. თამაშის პირველმა ტაიმმა ფრედ ჩაიარა - 1:1. მეორე ნახევარში კი ილიაუნიმ კიდევ ოთხი გოლი გაიტანა და მატჩი საბოლოოდ 5:1 დასრულდა. გუნდებს შორის გამართულ პირველ „საუნივერსიტეტო დერბიშიც“  ილიაუნიმ იმარჯვა, ანგარიშით 6:0.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ჩიმაკაძე, თსუ: „მოწინააღმდეგე გუნდისგან ასეთ კარგ თამაშს არ ველოდით და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო. მეორე ტაიმში უფრო მობილიზებულები გამოვედით, მწვრთნელის დარიგებები გავითვალისწინეთ და ნაკლები შეცდომა დავუშვით, რამაც საბოლოო შედეგი განაპირობა. წინ ორი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს, შემდეგ კი პლეი-ოფებისთვის მოვემზადებით.“

ლაშა კურტანიძე, ილიაუნი: „მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგეს კომფორტული უპირატესობით ვძლიეთ შეხვედრის პირველი ტაიმი ჩვენთვის არასასურველად წარიმართა. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ საქართველოს უნივერსიტეტს სათადარიგო შემადგენლობა საერთოდ არ ჰყავდა. შესვენებაზე მწვრთნელისგან ახალი დარიგებები მივიღეთ. დაშვებული შეცდომები გამოვასწორეთ და როგორც ველოდით გავიმარჯვეთ კიდეც. დღეს ჩემი დებიუტი შედგა ილიაუნის რიგებში და ბედნიერი ვარ, რომ გოლის გატანაც მოვახერხე. გუნდი ცოტა გადაღლილია პსპ-სთან შეხვედრის შემდეგ, მაგრამ ძალებს აღვიდგენთ და მომავალი თამაშებისთვის უკეთ მოვემზადებით.“

ფუტსალის ლიგის XII ტური 9 მარტს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაგრძელდება. ბსუ TMC თბილისს დაუპირისპირდება, ქუთაისის მართვე კი თელასს.

ფუტსალის ლიგა 2-ს მერვე ტური 10 მარტს პსპ-სა და  თსუ 2-ს შეხვედრით დასრულდება.

 



  © SBM, 2016-2024