დღეს 8 მარტია, მსოფლიო ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ქართულ ფუტსალში თაკო დოლიძე, პირველი და ერთადერთი ქალი მწვრთნელია. ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ-ს) ფუტსალის გუნდს ბაჩანა აბაშიძესთან ერთად წვრთნის. მან საფეხბურთო კარიერა ცხრა წლის ასაკში დაიწყო, არის დინამო ბათუმის ფეხბურთელი და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი.
sbm.ge თაკო დოლიძეს ქართულ ფუტსალზე, ქალთა ფეხბურთსა და ქალსა და ფეხბურთთან დაკავშირებულ გავრცელებულ სტერეოტიპებზე ესაუბრა.
თაკო დოლიძე, 20 წლის.
ფეხბურთელი,ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდის (ბსუ-ს) მწვრთნელი დინამო ბათუმის ქალთა საფეხბურთო გუნდის მოთამაშე, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი.
ბსუ-ს ფუტსალის გუნდის მწვრთნელი: ბსუ-ს მთავარმა მწვრთნელმა ბაჩანა აბაშიძემ შემომთავაზა უნივერსიტეტის ფუტსალის ვაჟთა ნაკრების მწვრთნელის ასისტენტობა და მეც დავთანხმდი.
ფუტსალსა და დიდ ფეხბურთის შორის სხვაობა დიდია. ფუტსალში სხვაგვარი ხედვაა საჭირო, ასევე ფიზიკური მომზადებაც და ტექნიკაც. ვფიქრობ, განვითარების მხრივ მოთამაშეს დარბაზში მეტი პერსპექტივა აქვს, ვიდრე საფეხბურთო მოედანზე, რადგან ნაკლები სივრცეა და ბურთთან მეტი კონტაქტი გიწევს. ფუტსალის ბევრი კომბინაციის გამოყენება დიდ ფეხბურთშიც თავისუფლად შეიძლება. რაც შეეხება გუნდის და ჩემს დამოკიდებულებას, ბიჭებმა ძალიან კარგად მიმიღეს. გუნდში დისციპლინაა და მიხარიაა რომ გუნდის ნაწილი ვარ.
თუმცა ფუტსალს მაინც მოვლენების განვითარების სისწრაფით გამოვყოფდი. ბსუ-ში დიდი ხანი არ არის რაც მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე ვარ. დაახლოებით ერთი თვეა ჩემი ძირითადი მოვალეობა მოთამაშეების მოთელვაა. ტაქტიკებში ჯერ-ჯერობით დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ ვცდილობ თითოეული ვარჯიში გამოვიყენო ახალი ინფრომაციის ასათვისებლად. აქამდე არ ვფიქრობდი წინასწარ ვარჯიშებზე, ახლა კი, მათი დაგეგმვა ვისწავლე. პირობებთან შედარებით ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან და ეს მეც სტიმულს მაძლევს.
განათლება: სტუდენტი, ვსწავლობ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსების მიმართულებით.
თაკო და ფეხბურთი:
ერთხელ სახლში მამაჩემის მეგობარი მოვიდა და შესთავაზა, რომ მივეყვანე ბათუმის გუნდში, სადაც მისი ნათესავი გოგო თამაშობდა. მეორე დღესვე მოვიყვანეთ სისრულეში ეს აზრი და მას შემდეგ ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. პირველად ბათუმის "ბათუმში" დავიწყე ცხრა წლისამ ფეხბურთის თამაში. ძირითადი გავლენა მაინც მამამ მოახდინა. ბავშვობიდან მასთან ერთად ვადევნებდი თვალს სპორტის ამ სახეობას. დაახლოებით 5 წელი ბიჭებთან ერთად ვვარჯიშობდი, შემდეგ შეიქმნა გოგონების გუნდიც და იქ გადავედი. 13 წლიდან პარალელურად ნაკრებშიც ვიყავი და ასე ეტაპობრივად ჩემი კარიერა განვითარდა, როდესაც ბიჭებთან ერთად თამაშობ ხშირად გრძნობ სკეპტიკურ დამოკიდებულებას. არ აღმიქვამდენენ სერიოზულ კონკურენტად, თუმცა მსგავსი ფაქტებისთვის ყურადღება არასდროს მიმიქცევია და მიმაჩნია, რომ სულაც არაა მნიშვნელოვანი რას ფიქრობენ შენზე.
ქალი ფეხბურთელი და სტერეოტიპები: ქალებსა და სპორტს შორის ზოგადად ცუდი სტერეოტიპები არსებობს, რის გამოც ბევრი გოგონა სპორტის სასურველი სახეობით ვერ კავდება. ჩემს შემთხვევაში თავიდან უბრალოდ ბავშვური გატაცება ეგონათ, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ ზრდასრულ ასაკშიც ისეთივე ინტერესით მივყვებოდი ფეხბურთს, როგორც პატარაობისას, ნათესავებისგან და გარშემომყოფებისგანაც მხარდაჭერა ვიგრძენი. ჩემი აზრით, მშობლებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ მათი შვილების სურვილებს და მსგავსი ჩარჩოებიდან გამოვიდნენ.
დღესდღეობით,საბედნიეროდ, ქალთა ჩართულობა ფეხბურთში წინა წლებთან შედარებით მაღალია. არიან ქალი ფეხბურთელები რომლებიც სამწვრთნელო კარიერის კუთხით განვითარებულები არიან. მაგალითად, ნინო პასიკაშივილი, რომელიც ფეხბურთის მწვრთნელი გახლავთ, ასევე ლანჩხუთში და ქუთაისშიც არიან.ქართულ ფუტსალში კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ მე ვარ.
ქალთა ფეხბურთი საქართველოში: სწრაფად მზარდია. სამი წელიწადია, რაც საქართველოში ჩემპიონატი იმართება და ამ დროის განმავლობაში პროგრესი უკვე შეიმჩნევა. 17 წლამდელთა ნაკრებმა უკვე მიაღწია საკმაოდ დიდ წარმატებას და წარმომიდგენია რამდენიმე წელიწადში როგორ დონეს მიაღწევენ. საქართველოს ქალთა ჩემპიონატშიც იზრდება ხარისხი - წელს თითქმის ბოლო ტურამდე დაძაბულობა იყო სატურნირო ცხრილში. ორგზის ჩემპიონი გახლდათ „მართვე“ და ახლა „ნიკესთვის“ მოუწია ტიტულის გადაბარება. მიხარია რომ ფეხბურთის ფედერაცია მხარს უჭერს და ძალიან დიდ როლს თამაშობს ქალთა ფეხბურთის განვითარებაში.
მიზნები: სანაკრებო დონეზე ჩემი მომავალი მიზნები გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბებაა. ბევრს ვვარჯიშობ, მაგრამ ჯანმრთელობა არ მიწყობს ბოლომდე ხელს. რაც შეეხება კლუბს, აქ ფეხზე უფრო მყარად ვდგავარ. ჩემი ოცნება, რომელიმე ევროპულ გუნდში, მაღალ დონეზე თამაშია.
საყვარელი გუნდი, ნაკრები და მოთამაშე: ქალთა ფეხბურთში ნაკრებებიდან ამერიკას გამოვარჩევდი, მისი ერთ-ერთი მოთამაშე ჩემი საყვარელი ფეხბურთელია - ქარლი ლოიდი, ის ძალიან ბრძოლისუნარია, რასაც ვაფასებ სპორტსმენში. ევროპის დონეზე ინგლისიც კარგია. კლუბებიდან პსჟ და ლიონი მომწონს. რაც შეეხება მამაკაცთა ფეხბურთში, ბავშვობიდან ბარსელონას გულშემატკივარი ვარ. ევროპაში ესპანეთის ნაკრები ძალიან მიყვარს, მსოფლიოს ფარგლებში კი ბრაზილია ჩემი ფავორიტია.
მოწოდება მშობლებს, რომლებიც საკუთარ შვილებს არ აძლევენ უფლებას გახდნენ ფეხბურთელი:
ჩემთვის ფეხბურთი დღესასწაულია. ამ სპორტმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ჩემთვის მეგობრობა, გუნდურობა და ბრძოლისუნარიანობაა. 20 წლის ვარ და ჩემს ასაკთან შედარებით დიდი გამოცდილება დამიგროვდა. მინდა ყველას ვურჩიო და მოვუწოდო, იბრძოლონ თავიანთი ოცნებებისთვის, მიჰყვნენ იმას, რაც თვითონ სურთ და ყველაფერი გამოუვათ. ხშირია შემთხვევები, როცა მშობლები გოგონებს არ უშვებენ ვარჯიშზე, არ გამოხატავენ მხარდაჭერას, ვთვლი რომ ყველა ადამიანის უფლებაა არჩევანის თავისუფლება და ჩვენ გოგონებს გვაქვს უფლება ვაკეთოთ ის რაც გვიყვარს, გვაქვს უფლება ვითამაშოთ ფეხბურთი!
ფოტო - maria che
ფოტო - ლაშა კუპრაშვილი