ფუტსალის ლიგა | XII ტურის პრევიუ!

ყველა სიახლე
07 მარტი 2019

ფუტსალის ლიგა | XII ტურის პრევიუ!

ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის მეთერთმეტე ტურმა ცხრილში არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბული გახადა. ქუთაისის მართვეს მიერ დაკარგული ქულებით, მის ქვემდგომ გუნდებს პლეი-ოფში გასვლის მეტად რეალური შანსები გაუჩნდათ, რაც მეთორმეტე ტურის ინტრიგას ერთიორად ზრდის.  8 – 9 მარტს ჩემპიონატის მონაწილეები თბილისის ოლიმპიურ და ქუთაისის სპორტის სასახლეში საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობენ.

8 მარტი / 21:00 საათი / თბილისის ოლიმპიური სასახლე / თსუ VS ივერია 2017

ივერია 2017-ს მესამე ადგილოსანი მეტოქისგან განსხვავებით  სატურნირო ცხრილში არცთუ ისე სახარბიელო პოზიცია უჭირავს. ბსუ-სთან მას მინიმალური, ხოლო ქუთაისის მართვესთან ორ ქულიანი ჩამორჩენა აქვს, თუმცა ეს უკნასკნელები მეთორმეტე ტურში გათამაშების ფავორიტებს უპირისპირდებიან. თსუ-ს მოწინააღმდეგეს აღნიშნული ფაქტის სათავისოდ გამოყენების საშუალება ეძლევა, მაგრამ „უნივერსიტეტელები“ თავის მხრივ პოზიციის გაუმჯობესებას შეეცდებიან.

9 მარტი / 16:00 საათი / ქუთაისის სპორტის სასახლე / ბსუ VS TMC თბილისი

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მიმდინარე სეზნოში ყველაზე ცუდად დასრულდა. მეხუთე ტურის შეხვედრაში „მედიკოსებმა“ 12:0 იმარჯვეს, საიდანაც სამ-სამი გოლი ვახტანგ ჯავარაშვილისა და მალხაზ მურცხვალაძის ანგარიშზეა. ამჯერად TMC თბილისი ეწვევა მოწინააღმდეგეს, რომელსაც მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად ქულები ძალიან სჭირდება. მისი უშუალო მეტოქე წინა ტურში აუტსაიდერთან დამარცხდა და შესაბამისად ბსუ-სთვის ამ მატჩმაც მეტი მნიშვნელობა შეიძინა.

9 მარტი / 18:00 საათი / ქუთაისის სპორტის სასახლე / მართვე (ქუთაისი) VS თელასი

ქუთაისის მართვე, რომელმაც ოთხეულში შესვლა მოახერხა, მაგრამ გასულ თამაშში თბილისთან წააგო, ოცდაათი ქულით ცხრილის სათავეში მყოფ თელასს დაუპირისპირდება. პირველი წრის შეხვედრა „ენერგეტიკოსების“ გამარჯვებით 8-2 დასრულდა, თუმცა შაბათს გასამართ მატჩში მეტი დაძაბულობაა მოსალოდნელი. „ქუთათურებს“ სამივე ქულის დაკარგვის შემთხვევაში პლეი-ოფის საგზურის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა მოუწევთ, რადგან სხვა გუნდების მოტივაცია და შანსები კიდევ უფრო გაიზრდება.

მაყურებელს XII ტურის შეხვედრების პირდაპირ ეთერში ხილვის შესაძლებლობა sbm.ge-ზე ექნებათ. გულშემატკივრებისთვის კი თამაშებზე დასწრება თავისუფალია!



  © SBM, 2016-2024