ბრინჯაოს ლიგაში ლიდერი უცვლელია!
ყველა სიახლებრინჯაოს ლიგის მეექვსე ტური m2-სა და ნაბეღლავის დაპირისპირებით დასრულდა. მატჩის მიწურულამდე გიორგი ლოხიშვილისა და ნიკოლოზ ჯალაღანიას გოლებით m2 ორი ბურთით ლიდერობდა, თუმცა მეორმოცე წუთზე ნიკა ჩილაძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და საბოლოოდ შეხვედრა 2:1 დამთვარდა.
ტურის სხვა მატჩში ICR დიპლომატ ჯორჯიას შეხვდა და 2:0 მოუგო. თამაში დაძაბული და საინტერესო გამოდგა. შოთა ბათილაშვილმა ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა, თუმცა ოცდამეცხრე წუთზე ოთარ ჭილაძემ გუნდის დაწინაურება მაინც შეძლო. შეხვედრის ბოლო წამებზე კი ლაშა კალანდაძემ უპირატესობა ორამდე გაზარდა.
McGill-მა საქართველოს ბანკთან მინიმალური სხვაობით 6-5 იმარჯვა. „ბანკირების“ რიგებიდან დუბლით ლაშა ბეჭვაია გამოირჩა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ბექა ოთანაძე, დიპლომატ ჯორჯია:„ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. მოლოდინი გვქონდა, რომ რთული თამაში იქნებოდა. ორივე გუნდმა კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შეცდომებიც იყო, რომლებიც მეტოქემ უკეთ გამოიყენა. ვთვლი, რომ პირველი გოლი უსამართლოდ მივიღეთ და ამან დიდი გავლენა იქონია დარჩენილ დროში თამაშის მიმდინარეობაზე. არ გაგვიმართლა და დავმარცხდით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
შოთა ბათილაშვილი, ICR: „მოწინააღმდეგის თამაშის ხარისხი შეფასებული გვქონდა და ვიცოდით, რომ მარტივი მატჩი არ გველოდა. ორივე გუნდმა ვიბრძოლეთ და საბოლოო შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვართ. პირადად მე რაც შემეხება, ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოვიყენე და კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მქონდა, რომ ჩემი თამაშით დაშვებული შეცდომა გამომესწორებინა.“
ბრინჯაოს ლიგის მეშვიდე ტური 17 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახელში ჩატარდება.