ბაქსვუდი RS-ს მატჩის დრამატული ფინალი და ლიდერის პირველი მარცხი!

ყველა სიახლე
03 მარტი 2019

ბაქსვუდი RS-ს მატჩის დრამატული ფინალი და ლიდერის პირველი მარცხი!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ოქროს ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა. დასკვნით მატჩში ერთმანეთს პატრული და არმია დაუპირისპირდნენ. „ძალოვანთა დერბი“ არმიის გამარჯვებით 2:0 დამთავრდა. პირველი ტაიმი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა, მეორე ნახევარში კი ლაშა ფოფხაძემ და ირაკლი ცომაიამ შეძლეს გოლების გატანა.

დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა ტურის პირველი შეხვედრა. შემოსავლების სამსახურმა ბაქსვუდს 5-4 მოუგო. RS მატჩის მიმდინარეობისას ორჯერ მარცხდებოდა, მაგრამ ჯერ წონასწორობის აღდგენა, შემდეგ კი გამარჯვება შეძლეს. ბაქსვუდის რიგებიდან დუბლი გიორგი ახლანძემ და ნიკოლოზ ბულისკერიამ გაიფორმეს. მიღებულ გოლებს იასონ ხუნდაძემ ჰეთრიკით უპასუხა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ახლანძე, ბაქსვუდი: „მოწინააღმდეგე გუნდმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა. ორჯერ ვიყავით თამაშის განმავლობაში წინ გასულები, მაგრამ დაცვაში ცოტას მოვიკოჭლებთ. ამ მხრივ სამუშაო გვაქვს და დაგვეტყო კიდეც. პლეი-ოფებისთვის შევეცდებით მეტი ვიმუშაოთ ამ კომპონენტზე და შესაბამისად მოვემზადოთ. ჩვენი მეტოქე გამოცდილი გუნდია, ბევრი მათგანი დიდი ხანია რაც ფუტსალს თამაშობს, ვულოცავ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ.“

იასონ ხუნდაძე, RS: “ჩვენი გამარჯვება ძირითადად გუნდის ბრძოლისუნარიანობით იყო განპირობებული. კარგი შეხვედრა გამოვიდა. ბაქსვუდი ძლიერი მეტოქეა, მაგრამ შთაბეჭდილება რჩება, რომ ერთ ფეხბურთელზე არიან დამოკიდებულები და ეს გამოჩნდა კიდეც. ჩვენ კი გადანაწილებული გვაქვს ძალები, რაც დაგვეხმარა შედეგის მიღწევაში.“

ოქროს ლიგა 17 მარტს მერვე ტურით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელდება.



  © SBM, 2016-2024